ჩემი აზრით [სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში] არაფერი იყო ისეთი, რაც მას ტრენინგის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ წაყენებული ბრალდების საფუძველს მისცემდა - ტრენერს, რომელიც კადრში ჩანს, არც ერთხელ გაუკეთებია რაიმე მინიშნება ან მოწოდება ძალადობაზე, - ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საქართველოში 10-დღიანი ვიზიტი შეაჯამა და ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
ანგარიშში ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, შესაძლო სამოქალაქო არეულობის მოწყობის საქმეზე ორგანიზაცია „კანვასის“ კადრების გასაჯაროებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ სიუჟეტის წარდგენა მკაფიოდ მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ მცდელობაზე, დამნაშავეებად გამოაცხადონ ტრენინგთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დამცველები.
„როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ამ საკითხებს შევეხე, მათ მირჩიეს ზემოთ ნახსენები კადრები მენახა. ასეც მოვიქეცი. ჩემი აზრით, ჩანაწერში არაფერი იყო ისეთი, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისცემდა ტრენინგის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ წაყენებული ბრალდების საფუძველს. სამდღიან ტრენინგზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. შეთქმულების მტკიცებულებად გამოქვეყნებული ჩანაწერი 8-წუთიანია და აშკარად დამონტაჟებული. ტრენერს, რომელიც კადრში ჩანს, არც ერთხელ გაუკეთებია რაიმე მინიშნება ან მოწოდება ძალადობაზე. ამ სიუჟეტის, როგორც შეთქმულების მტკიცებულების წარდგენა მკაფიოდ მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ მცდელობაზე დამნაშავეებად გამოაცხადონ ტრენინგთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დამცველები და საზოგადოების თვალში მოახდინონ ფუნდამენტური უფლებების დაცვის, როგორც პრაქტიკისა და განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდებისა და სტუდენტების დელეგიტიმაცია, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვით ცდილობენ. ამგვარმა ქმედებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ადამიანის უფლებების დამცველებს,“ - განაცხადა ლოლერმა.