„ევროპელი სოციალისტები“ მმართველ პარტიას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ მათ ინიციატივას, პარლამენტში 2008 წლის ომის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.
როგორც პარტიის დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებს განუცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” უნიათო და დანაშაულებრივი ქმედებით მოხდა ის, რაც მოხდა - მათ ვერ აიცილეს ომი და არც შესაბამისი ზომები მიიღეს”.
მისი თქმით, “გამოკვლეული უნდა იყოს ყველა ასპექტი, რამაც საქართველო მოქალაქეების დაღუპვამდე და რეგიონის დროებით ჩამოშორებამდე მიიყვანა და ასევე ის, ვისი გადაწყვეტილებით გადაეცა მთელი რიგი რაიონები რუსეთის ფედერაციას”.
“ჩვენ მიერ რამდენიმე თვის წინ 2008 წლის მოვლენებთან მიმართებით დაინიცირდა საგამოძიებო კომისიის შექმნა, გამოკვლევა და ფაქტების დადება. 2008 წლის შემდეგ გუშინდელი ფაქტი არის ერთ-ერთი, მანამდე ასობით ადამიანი დაიღუპა ამ კონფლიქტთან მიმართებით. მიმაჩნია, რომ ვინც დანაშაული ჩაიდინა და ეს რეგიონი დროებით ჩამოაშორა საქართველოს და უკონტროლო გახადა, რის შედეგსაც ვიმკით ადამიანის სიცოცხლით, მოკლე დროში უნდა გაირკვეს.
მმართველმა პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რათა ყველა დამნაშავე გამოაშკარავებული იყოს”,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.