ვალერი ჩეჩელაშვილი - ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ საშემოდგომო გამოცდას ჩავაბარებთ, რომელიც გამოგვყვა, მაგრამ ეს ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობებს ფუნდამენტურად ვერ დაალაგებს

მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ საშემოდგომო გამოცდას ჩავაბარებთ, რომელიც გამოგვყვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ფუნდამენტურად ვერ დაალაგებს ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან, ჩვენს პრობლემებს ევროკავშირთან ურთიერთობაში და შესაბამისად, დაახლოების კონტექსტში ვერ გადაწყვეტს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა უკრაინასა და რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ამასთან, როგორც მან განმარტა, საქართველოსა და ევროკავშირის ფასეულობებსა და ღირებულებებს შორის მნიშვნელოვანი აცდენაა. ვალერი ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია საქართველოს ჰქონდეს სერიოზული პრეტენზია, გახდეს ევროკავშირის წევრი, როდესაც მხოლოდ 1/3-ზე ეთანხმება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

„ჩვენს პრობლემებს ევროკავშირთან გადაწყვეტს ის, რომ ჭეშმარიტად ვიხელმძღვანელოთ ჩვენი პოლიტიკის წარმოებისას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ევროპული ფასეულობებით, ღირებულებებითა და სტანდარტებით. ჩვენ ვიცით, რომ 12 პუნქტი გვქონდა შესასრულებელი. ჩვენი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ძალიან კარგად შევასრულეთ, 12-ვე თუ არა 11 პუნქტი. ამავდროულად, ევროპელები გვეუბნებიან, რომ ჩვენ შევასრულეთ მხოლოდ მცირედი იმ ვალდებულებებისა, რაც უნდა შეგვესრულებინა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ შეფასების სტანდარტები არის აბსოლუტურად აცდენილი ერთმანეთთან და სტანდარტები ეფუძნება ფასეულობებისა და ღირებულებების სისტემას. შესაბამისად, ჩვენი მოქმედებების ფილოსოფია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ურთიერთობებში სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის, ევროკავშირთან არ არის დაფუძნებული, სამწუხაროდ, ევროპულ ფასეულობებზე. შეიძლება ვიღაც გულწრფელად მიიჩნევდეს, რომ ეს ფასეულობები, რომლითაც ხელმძღვანელობს დღეს მმართველი პარტია და მთავრობა, არის უფრო დახვეწილი და უკეთესი, ვიდრე ევროპული ფასეულობები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენ უნდა მივიღოთ თამაშის წესები. ამაზე პირდაპირ მიუთითა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჯოზეფ ბორელმა. ფუნდამენტურად ამ მიდგომების შეცვლის გარეშე ჩვენი დაახლოების პროცესი მაინც შეფერხებებით იწარმოებს“,- განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

მან, ამასთან, აღნიშნა, რომ ახლა არის აბსოლუტურად ფანტასტიური შესაძლებლობა, რომ საქართველომ გააკეთოს სერიოზული გარღვევა და დაუახლოვდეს ევროკავშირს.

„მაგრამ გაკეთებული განცხადებების კონტექსტში ძალიან კარგად ჩანს, რომ ევროპარლამენტარებიც და ჯოზეფ ბორელიც განიხილავს კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, როგორც გარკვეული სახის ავანსს საქართველოსთან მიმართებით. ამაშიც გამოიხატება შეფასებებისა და ფასეულობის სისტემების აბსოლუტური განსხვავება. ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს განიხილავს როგორც ავანსს და ჩვენი ხელისუფლება წინა გადაწყვეტილებას განიხილავს უსამართლოდ და ამ გადაწყვეტილებას სამართლიანობის აღდგენას. ჩემი აზრით, ეს არის ავანსი. შეუძლებელია შენ გქონდეს სერიოზული პრეტენზია, გახდეს ევროკავშირის წევრი, როდესაც შენ მხოლოდ 1/3-ზე ეთანხმები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთი დამატებითი დათქმა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ის ასევე მიიჩნევს, რომ სამართლიანი სასამართლო და ღია და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება იქნება დათქმათა შორის, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს 2-პუნქტიანი რეკომენდაციების სრულად შესრულებასთან ერთად წაუყენებს, მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა