ზოგადად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გულისხმობს, რომ რაც უფრო ახლოს მიდიხარ წევრობასთან, მით უფრო მეტია ვალდებულება, რომელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს, - ამის შესახებ ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა ევროკავშირისკენ რაც უფრო წინ წავა, დათქმები და პირობები მით უფრო გაიზრდება და ეს ბუნებრივია.
„ზოგადად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გულისხმობს, რომ რაც უფრო ახლოს მიდიხარ წევრობასთან, მით უფრო მეტია ვალდებულება, რომელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. იმიტომ, რომ კარგად იცით, უამრავი დირექტივაა, რომელიც ქვეყნის კანონმდებლობის და პრაქტიკის სინქრონიზაციას მოითხოვს. ამიტომ ბუნებრივია დათქმები და პირობები იქნება და მხოლოდ გაიზრდება რაც უფრო წინ წავალთ. მითუმეტეს თუ მოლაპარაკებები გაიხსნა, ამას ჩვენ ვნახავთ უკრაინის და მოლდოვის მაგალითზე. პრობლემა იმაშია, რომ ბატონი ბორელის განცხადებით, როცა საქართველოში იყო, 12-დან მხოლოდ 3 პუნქტი იყო შესრულებული, რაც ყველაზე სავალალოა ჩვენთვის. ჩვენ გვინდა ამ პუნქტების შესრულება არამხოლოდ იმიტომ, რომ გავწევრიანდეთ, არამედ იმიტომ, რომ ამ პუნქტების შესრულება აუმჯობესებს ქართველი ხალხის მდგომარეობას”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.