გამორიცხულია კრიტიკა, შენიშვნები, წინადადებები არ იყოს ანგარიშში, ამან კი არ უნდა გაგვაღიზიანოს, სამუშაო რეჟიმში უნდა ვიყოთ - ევროკავშირთან საქმიანი ურთიერთობაა მისაღები, რა სტრატეგიასაც მივდევთ და არა ცალ ფეხზე ხტუნაობა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, იქნება კრიტიკაც, თუმცა, სასამართლო რეფორმის, კორუფციასთან ბრძოლის, საარჩევნო სისტემის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე მმართველ გუნდს ბევრი აქვს სალაპარაკო.
„გამორიცხულია, რომ კრიტიკა, შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები არ იყოს ევროკომისიის ანგარიშში. ამან ჩვენ კი არ უნდა გაგვაღიზიანოს, პირიქით, სამუშაო რეჟიმში უნდა ვიყოთ მუდმივად, მაგრამ იმის არდანახვა არც ერთ მოხსენებაში არ იქნება მოსალოდნელი, რაც გამოქვეყნდა ბოლო პერიოდში ნებისმიერ მოხსენებაში საქართველოსთან მიმართებით, როცა აფასებდნენ მართლმსაჯულებას, კორუფციასთან ბრძოლის სისტემას, მმართველობის გამჭვირვალობას და მთელ რიგ საკითხებს, როცა წინ გავიჭერით, უამრავ ქვეყანას გადავასწარით პოზიტიური მაჩვენებლებით, ამის გვერდის ავლა არ მოხდება არც ამ მოხსენებაში ჩვენ რომ ველოდებით.
უნდა ველოდოთ რეკომენდაციასაც, უნდა ველოდოთ კრიტიკასაც, მაგრამ ძირითადად შესრულებულია რეკომენდაციები და სხვა ბევრი მაჩვენებელი არსებობს, რაც განაპირობებს პოზიტიურ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ ევროინტეგრაციის ჭრილში. ვფიქრობ, მართლმსაჯულების, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ იყოს შენიშვნები, რადგან შესანიშნავად მუშაობს ეს სტრუქტურა, თუმცა, „ნაცმოძრაობის" საბოტაჟი, რომ არჩეულ იქნას თავმჯდომარე და წევრები, არ უნდა განაპირობებდეს ევროკავშირის ნეგატიურ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. კორუფციასთან ბრძოლის თემის მიმართულებით საკმაოდ მძლავრად ვართ და არ არსებობს არც ერთი მიმართულება, სადაც შეიძლება არ ვილაპარაკოთ სერიოზულ წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რადგან ამ რეკომენდაციების გარდა, არსებობს ავტორიტეტული სარეიტინგო ორგანიზაციების გამოქვეყნებული მაჩვენებლები, სადაც ბევრ ევროპულ ქვეყანას და კანდიდატთა მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ვუსწრებთ, რაც უნდა გიხაროდეთ წესით,"- განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე, თუ სწორედ ამ საკითხებზე იქნება კრიტიკა ან დამატებით რეკომენდაციები, რა პოზიცია ექნება მმართველ გუნდს, ვოლსკი აცხადებს, რომ საჭიროა "ძალიან მკაფიოდ ხაზი გავავლოთ, რომ ეს არის სუვერენული სახელმწიფო". თუმცა, იქვე დასძენს, რომ "ესა თუ ის ნაბიჯი არ უნდა იქნას განხილული, როგორც საბოლოოდ წერტილდასმული რეფორმა". ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ "ცალ ფეხზე ხტუნვა" მისაღები არაა.
„თუ კრიტიკა იქნა და საკითხები იქნა წამოწეული, იცით რა არის - არ უნდა შეგვეშალოს და ძალიან კონკრეტულად უნდა გავყოთ და ხაზი გავავლოთ, რომ ეს არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია გარკვეული შექმნილი ვითარება და ამ ვითარებიდან გამომდინარე, ესა თუ ის ნაბიჯი არ უნდა იქნას განხილული, როგორც საბოლოოდ გაკეთებული, წერტილდასმული რეფორმა. ევროკავშირთან საქმიანი ურთიერთობა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და რა სტრატეგიასაც მივსდევთ, ის არის მისაღები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყოველგვარი სარკაზმის გარეშე - არა ცალ ფეხზე ხტუნაობა და ქედის მოხრა. თავად ევროკავშირის შიგნით არსებობს პოზიციათა მწვავე დაპირისპირებებიც, მაგრამ ეს არ არის იმის წინაპირობა, რომ ვილაპარაკოთ კრიზისზე ევროკავშირის შიგნით, პირიქით, ეს ნორმალური, ცოცხალი პროცესია და ამაში გასაკვირი არც უნდა იყოს არაფერი,"- განაცხადა ვოლსკიმ.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ანგარიშში შეფასებული იქნება იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან, მათ შორის დოკუმენტში საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებაც იქნება შეფასებული.