პრემიერი - მიუღებელი და ამორალურია ქმედება, აქციები, რაც ოპოზიციის მხრიდან ვიხილეთ - მახსენდება მათი მმართველობის დროს ჩვენი რამდენიმე თანამოქალაქის მკვლელობის ფაქტი საოკუპაციო ძალის მიერ, მაგრამ რატომღაც არ მახსენდება მათ მიერ ასეთივე აჟიოტაჟი

სახელმწიფო დგას გარდაცვლილი თამაზ გინტურის ოჯახის გვერდით, ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით, რაც საჭიროა, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში ძნელია, ოჯახს და მის ახლობლებს ტკივილი შეუმსუბუქო, აქვე მინდა აღვნიშნო, ასევე, მიუღებელი და ამორალურია ის ქმედება, ის აქციები, რომელიც ჩვენ ოპოზიციის მხრიდან ვიხილეთ , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერი გამოეხმაურა კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტს.

ამასთან, პრემიერმა განმარტა, რომ ოკუპაცია არის იმ მემკვიდრეობის მძიმე შედეგი, რაც წინა ხელისუფლებამ დატოვა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული "ძალიან ბევრი, უმძიმესი დანაშაული" და "მძიმე მემკვიდრეობა" გამოასწორა არაერთ სფეროში, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ შეძლო გამოსწორება იმ მძიმე მემკვიდრეობის, რასაც ოკუპაციის დასრულება ჰქვია.

„მე კიდევ ერთხელ, მსურს ჩემი გულითადი სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილ თამაზ გინტურის ოჯახს, მის ახლობლებს, ყველას, მთელ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული და ოკუპაციის მძიმე შედეგი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმკით, ეს არის სამწუხაროდ, შედეგი იმ ოკუპაციისა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამყარდა. დღეს, ასეთ პოზიტიურ დღეს, არ მინდოდა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაზე მესაუბრა, რომელიც უმძიმესია, არ ჩამოვთვლი ამ პოზიტიურ დღეს ამ მძიმე მემკვიდრეობას, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, მძიმე დანაშაული, გნებავთ გამოუსწორებელი შეცდომა, თუ გნებავთ, მძიმე წარსული მემკვიდრეობა, რომელიც მათ დაგვიტოვეს, ეს არის ოკუპაცია, ეს არის 100-ზე მეტი სოფლის ჩაბარება ოკუპანტისთვის - კოდორის ხეობის, ათიათასობით დევნილის მიღება, ასეულობით ჩვენი თანამოქალაქის, გმირი ჯარისკაცების, პოლიციელების, სამოქალაქო პირების მკვლელობა, გარდაცვალება ამ ომში. ეს არის ის ტრაგედია, ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვერგო. მოგეხსენებათ, ჩვენ მათ მიერ დატოვებული ძალიან ბევრი, უმძიმესი დანაშაული გამოვასწორეთ, მძიმე მემკვიდრეობა გამოვასწორეთ, არაერთ სფეროში, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ შევძელით გამოსწორება იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რასაც ოკუპაციის დასრულება ჰქვია, მაგრამ მჯერა ჩვენი თანმიმდევრული, გონივრული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ მშვიდობიანად მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და გაერთიანებას.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო დგას გარდაცვლილი თამაზ გინტურის ოჯახის გვერდით, ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით, რაც საჭიროა, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში ძნელია, ამ ოჯახს და მის ახლობლებს ტკივილი შეუმსუბუქო, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, ასევე მიუღებელი და ამორალურია ის ქმედება, ის აქციები, რომელიც ჩვენ ოპოზიციის მხრიდან ვიხილეთ. მახსენდება ჯერ კიდევ მათი მმართველობის დროს, ჩვენი რამდენიმე თანამოქალაქის მკვლელობის ფაქტი, ასევე საოკუპაციო ძალის მიერ, მაგრამ რატომღაც არ მახსენდება მათ მიერ ასეთივე აჟიოტაჟი, რომელიც დღეს ატეხეს. სამწუხაროდ, თუ საუბედუროდ, ბატონი გარდაცვლილი თამაზ გინტური არ ყოფილა პირველი და მანამდეც, წინა ხელისუფლების დროს, 2009-2012 წლებში, თუ არ ვცდები, ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად და მედიას ახსოვს ძალიან კარგად, მძიმე ფაქტები - ჩვენი თანამოქალაქეების გატაცების, უკანონო დაკავების, წამების და მოკვლის. რატომღაც არ ახსენდებათ ამ ადამიანებს, რომ მათი მმართველობის დროს მოხდა ეს ყველაფერი და ეს არის მათი მმართველობის შედეგი, ეს მძიმე მემკვიდრეობა, რაც დაგვიტოვეს. მათ შორის, სოფელი კირბალი აგვისტოს ომამდე, რა თქმა უნდა, ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო, დღეს ვხედავთ, რომ საოკუპაციო ზოლის მხარეს აღმოჩნდა, ჩვენ ამას კარგად ვაცნობიერებთ, მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი მთავრობა, ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

რა თქმა უნდა, უმძიმესი ფაქტი მოხდა, თითოეული ადამიანის სიცოცხლე ჩვენთვის უძვირფასესია, მაგრამ არავის არ ეპარება ეჭვი, დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, აქ იქნებოდა ომი, უბედურება, ნგრევა, დღეს ქვეყანა ვერ მიიღებდა ვერც სტატუსს და ვერც მშვიდობა ვერ იქნებოდა, ვერც ეკონომიკური განვითარება და ა.შ. დესტრუქციულ, რადიკალურ ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ მათ არავითარი უფლება არ აქვთ, საერთოდ ხმა ამოიღონ და რამე კრიტიკული თქვან ხელისუფლების მიმართ, ხმის ამოღების უფლება არ აქვთ ამ ადამიანებს, რადგან მათ ყველაზე მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტს კითხვაზე, თუ რა გააკეთა, კონკრეტულად დღევანდემა მთავრობამ იმისთვის, რომ ეს მძიმე შედეგი არ დამდგარიყო, რასაც თამაზ გინტურის მკვლელობა ჰქვია და არა გარდაცვალება, ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:

„რა გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში, გარდაცვლილი გინტურის მკვლელობის - არ მჭირდება თქვენი შეხსენება, რამდენჯერმე გავიმეორე სიტყვა "მოკვლა", არ არის საჭირო ჩემთან ასეთ პოლემიკაში შესვლა… ჩვენ მყისიერად გვქონდა მაქსიმალური რეაგირება, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვეძლო. პირველ რიგში, ვაცნობეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ავამოქმედეთ ცხელი ხაზი, ყველა ის ნაბიჯი გადაიდგა რისი გაკეთების საშუალებაც შეგვეძლო, იმავე საღამოს ჩაინიშნა შეხვედრა და მყისიერი რეაგირება მოახდინა ჩვენმა ხელისუფლებამ. დიდი იმედი მაქვს, სამწუხაროდ, მეორე დაკავებულის, უკანონოდ გატაცებულის გათავისუფლება ძალიან მალე მოხდება. კიდევ ვიმეორებ, ეს არის ისევ შედეგი ამ მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც თქვენმა ხელისუფლებამ დაგვიტოვა. ჩვენ ამას გამოვასწორებთ, დამერწმუნეთ, თქვენ ამას მოესწრებით ძალიან მალე, როცა ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და გამთლიანდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება