საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავლის გარანტია,- ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას ეხმიანება.
ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, საჭიროა კომპლექსური რეფორმების განხორციელება და არსებული სტანდარტებისა და პრაქტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება.
„საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ნამდვილად ისტორიული დღეა! პროფკავშირების გაერთიანება მიესალმება ევროკომისიის მიერ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაცემულ დადებით რეკომენდაციას. რეკომენდაციას, რომელიც საფუძველია მოლაპარაკებების დაწყებისა, რომ საქართველომ უახლოეს მომავალში შეძლოს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მოპოვება. ვიმედოვნებთ, საბოლოო დასკვნა, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება ცნობილი, ამის დადასტურება იქნება.
ქართველი ხალხის მთავარი გამოწვევებს კვლავ სოციალური, შრომითი და დასაქმების მიმართულებები წარმოადგენს. საჭიროა კომპლექსური რეფორმების განხორციელება და არსებული სტანდარტებისა და პრაქტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება.
პროფკავშირების გაერთიანება, აქტიურად მუშაობდა ამ მიმართულებებით, მზად იყო და მზად არის, თანამშრომლობა განაგრძოს ყველა მხარესთან, დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში შეძლო პროფკავშირებმა შრომითი კანონმდებლობის ეტაპობრივად გაუმჯობესება“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.