პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი აღიქვამს საქართველოს როგორც წამყვან პარტნიორს რეგიონში, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი როლი ითამაშოს სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში

ევროკავშირი აღიქვამს საქართველოს როგორც წამყვან პარტნიორს რეგიონში, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი როლი ითამაშოს სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ორბელიანების სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, ევროკომისიის დღევანდელი რეკომენდაცია, მიენიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი დიდი აღიარებაა პროგრესის, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია.

„მოგესალმებით. ქალბატონო პრეზიდენტო, სტუმრებო, ჩემო კოლეგა ევროკავშირის ელჩებო, თბილისის მოქალაქეებო და მთელი საქართველოს მოქალაქეებო ნამდვილად ისტორიული დღეა. ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. მე მინდა გულწრფელად მოგილოცოთ და მივულოცო ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში. მინდა მივულოცო საქართველოს პრეზიდენტს მისი ძალისხმევისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მინდა მოგილოცოთ ყველას, თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს. თქვენ თანმიმდევრულად უჭერდით მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს არის დიდი აღიარება ევროკავშირის მხრიდან იმ პროგრესისა, რომელსაც მიაღწიეთ ბოლო წლებში და იმ მხარდაჭერისა საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ინტეგრაციისა.

დღეს პოზიტიურ რეკომენდაციებს შორის ხაზგასმული იყო, რომ ევროკავშირი აღიქვამს საქართველოს როგორც წამყვან პარტნიორს რეგიონში, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი როლი ითამაშოს სამეზობლოში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებაში“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

გარდა ამისა ევროკავშირის ელჩმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლის დროს საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაზე და ოკუპაციის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„დღეს, როცა ყველანი ერთად განვიცდით საქართველოს მოქალაქის მკვლელობას რუსეთის ოკუპანტების მიერ, მე მინდა ვუსურვო ქართველ ხალხს და ასევე ევროკავშირს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს ტრაგიკული დაყოფის დასრულებას”, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო