ღმერთმა დაგვიფაროს, დეკემბერში, რომ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ორნაბიჯიანი ჩამორჩენა გვექნება, რაც ძალიან ცუდ განწყობას შექმნის - ძალიან მობილიზებულები უნდა ვიყოთ, რომ „ოცნებამ“ კვლავ არ ჩაიდინოს ისეთი რამ, რაც შანსს ხელიდან გაგვაშვებინებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციის გაცემას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის დადებითი რეკომენდაციის გაცემაზე, პირველ რიგში, ქართველი ხალხის მისწრაფებამ იმოქმედა, მაგრამ დიდი როლი უკრაინამ და მოლდოვამ შეასრულა.
როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ ქმედებების პირობებში, ევროინტეგრაციის გზაზე წინ „ჭოჭმანით“ მივიწევთ, მაშინ როდესაც შეგვეძლო თამამად გვევლო.
„ბუნებრივია, საკითხები, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან, რჩება. ჩვენ ეს ჩამორჩენა დაგრჩა. ჩვენთვის დადებით რეკომენდაციაზე იმოქმედა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის მისწრაფებამ, მაგრამ დიდი როლი უკრაინამ და მოლდოვამ შეასრულა. რატომ? იმიტომ, რომ, როცა მათთვის მოლაპარაკებები გაიხსნა, საქართველოზე რომ ეს რეკომენდაცია არ გაცემულიყო, ღმერთმა დაგვიფაროს, დეკემბერში, რომ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს, გვექნება ორნაბიჯიანი ჩამორჩენა უკრაინასთან და მოლდოვასთან და ეს ძალიან ცუდ განწყობას შექმნის, პირველ რიგში, რეგიონში. ერთი - პუტინმა შეიძლება ჩათვალოს, რომ საქართველო ევროპამ მიატოვა და ის მის უკანა ეზოდ რჩება და მეორე - ამან რა თქმა უნდა, შეიძლება, სასოწარკვეთა წარმოშვას ქვეყნის შიგნითაც. ის, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ყველაფერი გააკეთა, რათა მათთვის მოლაპარაკებები გახსნილიყო, ძალიან დაგვეხმარა ჩვენც, რომ ერთი საფეხურით წინ ავიწიოთ, თუმცა დეკემბრის გადაწყვეტილებამდე ერთი თვე არის დარჩენილი და ჩვენ ძალიან მობილიზებულები უნდა ვიყოთ, რომ „ოცნებამ“ კვლავ არ ჩაიდინოს ისეთი რამ, რაც შანსს ხელიდან გაგვაშვებინებს,“ - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ეროვნული ერთიანობაა საჭირო იმისთვის, რომ სათანადო რეფორმები გავატაროთ და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დავიწყოთ.
„ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, გააგრძელებს მცდელობებს, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის მოთხოვნებთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ როდესაც მათ პოზიტიური არაფერი აქვთ შესათავაზებელი საზოგადოებისთვის, მათ სჭირდებათ საზოგადოებაზე ძალადობა, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. აქ მთავარი ის კი არ არის, „ოცნება“ რას იზამს, მთავარია, ჩვენ რას ვიზამთ ყველანი ერთად: ხალხი, პოლიტიკური პროდასავლური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და თქვენ - მედია. ეროვნული ერთიანობაა სჭირდება იმას, რომ სათანადო რეფორმები გავატაროთ და წევრობის მოლაპარაკებები დავიწყოთ. ამიტომ ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიდგომა ძალიან მარტივია. არჩევნების შემდგომ საქართველოს კოალიციური მთავრობა ეყოლება და ეს იქნება ის მთავრობა, რომელიც აუცილებელ ნაბიჯებს გადადგამს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მოკლე დროში გავხსნით ჩვენ მოლაპარაკებებს ევროპასთან. „ქართული ოცნება“ თუ იმ პოლიტიკას გააგრძელებს, რასაც აქამდე აკეთებდა, „ქართული ოცნების“ პირობებში ასეთი მოლაპარაკებების გახსნა წარმოუდგენელი მგონია,“ - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
მან ასევე, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი თანაგუნდელები უსინდისო მატყუარები არიან, როდესაც საუბრობენ იმაზე, თითქოს, საქართველოში ოკუპაცია 2008 წლიდან დაიწყო.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ასეთი განცხადებებით რუსეთს უფრო მეტი აგრესიისკენ და უფრო მეტი მკვლელობისკენ იწვევს.
„ირაკლი ღარიბაშვილი უსინდისო მატყუარაა და მისი ბევრი თანაგუნდელი, როდესაც ლაპარაკობენ, თითქოს, საქართველოში ოკუპაცია 2008 წლიდან დაიწყო, თითქოს ქვეყანაში არ არსებობს 300 ათასზე მეტი დევნილი, რომელიც სახლიდან გამოყარეს 1990-91-92-93 წლების ომების შედეგად. რუსეთი არის მტერი და ბუნებრივია, ის მუდმივად შეეცდება იმას, რაც ახლაც გაკეთა, სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ.
სახელმწიფოს ნომერ პირველი დანიშნულება არის, რომ ის თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნავდეს და დღეს ღარიბაშვილის მთავრობა ვერ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს დაცულობას. ასეთი განცხადებებით ის რუსეთს იწვევს უფრო მეტი აგრესიისკენ და უფრო მეტი მკვლელობისკენ,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ ოკუპაცია არის იმ მემკვიდრეობის მძიმე შედეგი, რაც წინა ხელისუფლებამ დატოვა.
„მიუღებელი და ამორალურია ქმედება, აქციები, რაც ოპოზიციის მხრიდან ვიხილეთ. მახსენდება მათი მმართველობის დროს ჩვენი რამდენიმე თანამოქალაქის მკვლელობის ფაქტი საოკუპაციო ძალის მიერ, მაგრამ რატომღაც არ მახსენდება მათ მიერ ასეთივე აჟიოტაჟი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"