სალომე ზურაბიშვილის ასეთი ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ ზურაბიშვილს აქტუალობა დაკარგული აქვს - ცდილობს, საკუთარი აქტუალობა შეინარჩუნოს და ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებს, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციას, რომლის თანახმად, პრეზიდენტს პარიზში, “მშვიდობის ფორუმზე“ დასასწრებად, მთავრობისთვის თანხმობა არ მოუთხოვია.
ჩიქოვანმა ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციური უწოდა.
„საკონსტიტუციო სასამართლომ ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. თუ პრეზიდენტი საგარეო წარმომადგენლობას რაიმე ფორმით ახორციელებს, მას მთავრობის თანხმობა სჭირდება, თუ ეს ასე არ არის, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. პრეზიდენტი ქმედებები სამწუხაროა - კონსტიტუციის პატივისცემა აბსოლუტურად ყველას მოეთხოვება, მითუმეტეს, პრეზიდენტს. კანდიდატის სტატუსზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ასეთი ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქტუალობა დაკარგული აქვს და ცდილობს, საკუთარი აქტუალობა შეინარჩუნოს - ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებს.
სალომე ზურაბიშვილის მოქმედებები არაკონსტიტუციურია. ის საკუთარი მოქმედებებით ადასტურებს, რომ ლეგიტიმურობა და აქტუალობა დაკარგული აქვს და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური რენომეს შენარჩუნების მიზნით მოქმედებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.