ჩვენ წლების განმავლობაში ამას ვაკვირდებით, ვხედავთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკა არანაირად არ იცვლება. შეიძლება სადღაც რაღაც შეასუსტოს, მაგრამ ბორდერიზაცია არ დაუსრულებიათ, მუდმივად არის გატაცებები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ოკუპანტების მხრიდან იმის მცდელობაა, რომ მოსახლეობა ადგილზე იყოს დაშინებული და ეტაპობრივად მიიღოს გადაწყვეტილება, რომ იქ აღარ გაჩერდეს.
„რაც კირბალში მოხდა, ძალიან მძიმე იყო, მითუმეტეს ამ პერიოდში და მომენტში, მაგრამ არის შედარებით სასიხარულო ამბავი, რომ მეორე ადამიანი გათავისუფლებულია, ჯანმრთელია და თავის ოჯახს დაუბრუნდა, მაგრამ - ეს „მაგრამ“ ყოველთვის შემაშფოთებელია, იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, იმისი გარანტიები არ არსებობს, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ წლების განმავლობაში ამას ვაკვირდებით, ვხედავთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკა არანაირად არ იცვლება. შეიძლება სადღაც რაღაც შეასუსტოს, მაგრამ ბორდერიზაცია არ დაუსრულებიათ, მუდმივად არის გატაცებები ანუ იმის მცდელობაა, რომ მოსახლეობა ადგილზე იყოს დაშინებული, ნელ-ნელა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ იქ აღარ გაჩერდნენ, ახალგაზრდები წავიდნენ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ამასთან, წერეთლის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკას „ყველა იმიტომ აკრიტიკებს, რომ საგარეო ფრონტზე, ოკუპანტ სახელმწიფოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით შეცდომებია“.
„ეს არის ბუნებრივი ამბავი, რომ პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. შესაბამისად, მათ პოლიტიკას ყველა აკრიტიკებს და აკრიტიკებს სწორად. იმიტომ, რომ არის შეცდომები საგარეო ფრონტზე, ოკუპანტ სახელმწიფოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ეს ე.წ არ გაღიზიანების, დათმობის თუ სხვა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად სტაბილიზაცია არ მოგვიტანა და ეს ფაქტები [გატაცების, მკვლელობის] მეორდება, რაღაცები უფრო ძლიერდება, უფრო ცინიკურია და ახლა ადამიანს ესროლეს იმის გამო, რომ სალოცავად მივიდა.
ოკუპანტი ქვეყანა, რომლის ამოცანაა, რომ შენ არ იყო სუვერენული, შენი ტერიტორიული მთლიანობა მას ჰქონდეს „ამოიღლიავებული“, შენ ვერ განვითარდე ეკონომიკურად ა.შ, ის გაქებს და აქებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის გონს არის მოსული და ის სწორად და კარგად იქცევა. ეს უკვე მეტყველი ფაქტია, რომ შენი პოლიტიკა არასწორია“, - აღნიშნა წერეთელმა.
რაც შეეხება სტატუსთან დაკავშირებულ საკითხს და ოპოზიციაში ამ დრომდე არსებულ პროგნოზს, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში სტატუსს ვერ მიიღებდა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „აღნიშნულ შეცდომას ოპოზიციის მხრიდან კონკრეტულ მომენტში მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს“, თუმცა ის არ თვლის, რომ „თუ ვინმე ამბობდა, რომ შეიძლება საქართველომ ვერ მიიღოს სტატუსი, არ იყო საფუძვლიანი.“
„ბუნებრივია, რომ ბევრი შემადგენელი აქვს ამ შეცდომის დაშვებას. ეს არის კონკრეტულ მომენტში პოპულიზმი, ნაკლები პოლიტიკური გამჭრიახობა, გამოცდილება და ბევრი რამ. რაც შეეხება პროგნოზებს, რომლებიც კეთდებოდა კონკრეტულ ვითარებაში და კონკრეტულ მომენტში, ალბათ, გარკვეული ოპოზიციური ძალები თვლიდნენ, რომ უფრო უკეთესია ვთქვათ, რომ ამ ხელისუფლების ხელში ვერაფერს მივიღებთ, თუმცა ამას ჰქონდა რაღაც საფუძველი. იმიტომ რომ, ხელისუფლება ისე იქცეოდა, განსაკუთრებით ამ ბოლო ერთი წლის მანძილზე, როცა პირველად ვერ მივიღეთ სტატუსი, იმდენი ანტიდასავლური რამ მოხდა, მაგალითად, ანტიდასავლური რიტორიკა, რუსეთთან ამგვარი დამოკიდებულება, მთელი ფაზა უკრაინის ომის და აქაც გამოვლენილი პოზიციები არაევროპული პოლიტიკის თანხვედრაში და ბევრი სხვა რამ, რაც გვაფიქრებინებდა, რომ ასე არ მოხდებოდა ან ძნელად წარმოსადგენი იყო, თუმცა ამასთან აღინიშნებოდა, რომ არსებობს ხალხი და არსებობს გეოპოლიტიკური საჭიროება.
მე არ ვთვლი, რომ თუ ვინმე ამბობდა, რომ შეიძლება საქართველომ ვერ მიიღოს სტატუსი, არ იყო საფუძვლიანი. სტატუსი 15 დეკემბერს გამოცხადდება, ახლა გვაქვს მხოლოდ რეკომენდაცია და ისიც არის ავანსი. დღეს ვკითხულობდი ზუსტად გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ ეს არ არის ხელისუფლების დამსახურებით, არამედ ეს მიიღო ხალხმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, მათმა თავგანწირვამ, ევროპულმა სწრაფვამ და აი, ამ რწმენამ, რომ ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.