იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტს, რომლითაც არჩევნებში პარტიების მიერ წარსადგენ სიებზე დაწესებული მინიმალური ზღვარი უქმდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „გირჩის“ შეთავაზებას, რომლითაც საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში პარტიების მიერ წარსადგენ საარჩევნო სიებზე დაწესებული მინიმალური ზღვარი უქმდება.

„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც „გირჩმა“ ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში დააინიცირა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. ამასთან, როგორც სხდომის წამყვანმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, პროექტი მათი მხრიდან მხარდაჭერილია საკითხზე შემდგომის კონსულტაციების გაგრძელების პირობით.

მოქმედი კანონით, საპარლამენტო არჩევნებისას წარდგენილ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, „საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს პროპორციული სისტემით ასარჩევ წევრთა რაოდენობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ამ რაოდენობის სამმაგ ოდენობას. თბილისის საკრებულოს შემთხვევაში კი, პროპორციული წესით ასარჩევი კანდიდატების პარტიული სია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 50 და არა უმეტეს 100 კანდიდატისაგან.

„გირჩი“ პროპორციულ საარჩევნო სიებში წარსადგენ, არჩევნებში მონაწილე დეპუტატობის კანდიდატთა მინიმალური რაოდენობის გაუქმებას და კანონით დაწესებული ამ ბარიერის მოხსნას ითხოვს.

„საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრულია პარტიის მიერ წარსადგენი კანდიდატების მინიმალური რაოდენობა. აღნიშნული შეზღუდვა უკავშირდება დაშვებას, რომლის მიხედვით, თუ თითოეული პარტიისგან არ იქნება “დაზღვეული“ საკრებულოს ან და პარლამენტის შესაქმნელად საჭირო რაოდენობის კანდიდატების წარდგენა, შესაძლებელია საკრებულო ან და პარლამენტი ვერ დაკომპლექტდეს.

საკრებულოს ან პარლამენტის ვერ დაკომპლექტების საფრთხე დღევანდელ საარჩევნო სისტემაშიც არსებობს, თუმცა ამის გამო დამატებითი ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა გამართლებული არ არის.

პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, იმაზე მეტ კანდიდატს წერს სიაში, ვიდრე მათი გაყვანის შესაძლებლობა აქვს, რათა თავიდან აირიდოს მოსალოდნელი რისკები. ამიტომ მინიმალური ზღვარის მოხსნა დამატებით რისკს არ წარმოშობს. ის მოცემულობა, რაც შესაძლოა მინიმალური ზღვარის მოხსნის გამო დადგეს, დღესაც არის დღის წესრიგის საკითხი და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ საკითხს დადგენილებით აწესრიგებს.

თუ რომელიმე პარტია იმ რაოდენობის ხმას მიიღებს, რომ მას საშუალება ჰქონდა არჩევნების გზით გაეყვანა იმაზე მეტი კანდიდატი, ვიდრე მას სიაში ჰყავდა შეყვანილი, ეს პოლიტიკური პარტიის რისკია და ამ ცვლილებით არც ერთ პარტიას არ ეზღუდება შესაძლებლობა 100%-ით დააზღვიოს ამგვარი საფრთხე“, - წერს “გირჩი“ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

„გირჩი“ აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ მათი პროექტის მიღების შემთხვევაში, პარტიებს ფინანსური ხარჯები შეუმცირდებათ, რაც თითოეული კანდიდატისთვის შესაბამისი დოკუმენტების დამზადებასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, პარტიის ინფორმაციით, ცესკოში პარტიამ თითოეულ კანდიდატზე უნდა წარადგინოს უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 სააღრიცხვო ბარათი, 2 ფოტოსურათი (ფერადი) და 1 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

„უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა უფასოდ 5 სამუშაო დღეში მზადდება, თუმცა როცა პარტიას 1000-ზე მეტი ასეთ ცნობა აქვს დასამზადებელი, შესაძლებელია დოკუმენტის დამზადება დაჩქარებული წესით დაჭირდეს, რისი ღირებულებაც 3 სამუშაო დღეში 16 ლარია. იმავე დღეს დამზადების საფასური 26 ლარია. პარტია “გირჩმა“ მხოლოდ ამ ცნობის დასამზადებლად 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისათვის 21 000 ლარი დახარჯა“, - განმარტავენ “გირჩის“ დეპუტატები.

პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და ჰერმან საბო.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში