როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებისთვის“ და სუს-ისთვის ცნობილი გახდა, ჩვენ ბენ მალეტთან აქტიურად ვთანამშრომლობდით, გადაწყვიტეს, რომ ეს ადამიანი ქვეყანაში არ შემოეშვათ იმის პარალელურად, რომ რუსი პროპაგანდისტები ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდიან,- ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კონსულტანტის, ბენ მალეტის ქვეყანაში არ შემოშვებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბენ მალეტთან აქტიურად თანამშრომლობდა, რადგან მას ჰყავს „პროფესიონალების გუნდი, მათ შორის ანტირუსულ პროპაგანდასთან მიმართებით“.
„ბენ მალეტი რამდენიმე დღის წინაც იმყოფებოდა საქართველოში. მასთან საქმიანი შეხვედრები გვქონდა. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებისთვის“ და სუს-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩვენ მასთან აქტიურად ვთანამშრომლობდით, რადგან ეს არის პროფესიონალების გუნდი, მათ შორის ანტირუსულ პროპაგანდასთან მიმართებით, ეს ადამიანი უბრალოდ, ქვეყანაში აღარც კი შემოუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ნივთები ამ ადამიანს ქვეყანაში აქვს. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ რუსები, გავრილოვები, რუსი პროპაგანდისტები ამ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილებიან და ამის პარალელურად, ბრიტანეთის მოქალაქეს არ უშვებენ ქვეყანაში. რაც ყველაზე მთავარია, ამ დრომდე შსს-ს განმარტებაც კი არ გაუკეთებია, რა მიზეზებით არ შემოუშვეს ბენ მალეტი ქვეყანაში ან ამ დრომდე სად იმყოფება“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.