„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თინა ბოკუჩავასა და თეონა აქუბარდიას წერილს, რომელიც ირაკლი ბერაიას გამონათქვამს ეხებოდა, აშშ-ს კონგრესის წევრი გამოეხმაურა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა, საპარლამენტო ასამბლეაში კოლეგებს მიწერეს და „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, ირაკლი ბერაიას გამონათქვამზე, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარეა, რეაგირება მოითხოვეს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ამ წერილს აშშ-ს კონგრესის წევრი, ლინდა სანჩესი გამოეხმაურა, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი და ასევე ნატო-საქართველოს საპარლამენტო კომიტეტის წევრია.

„ქალბატონო ბოკუჩავა და ქალბატონო აქუბარდია,

მადლობელი ვარ, რომ ბოლო კომენტარებისა და ქმედებების შესახებ მაცნობეთ, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ გააკეთა, როგორც თქვენ, ასევე კიდევ ერთი ქალი პარლამენტის წევრის წინააღმდეგ.

უხერხული და პერსონალური თავდასხმები, რომელთა მიზანი ქალების დაშინება ან გაჩუმებაა, დაუშვებელია. ქალების პოლიტიკის არსებითი განხილვის მაგივრად, კანონმდებელზე სექსისტური და მახინჯი ფრაზებით თავდასხმა გაუმართლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მკვეთრ პოლიტიკურ უთანხმოებებს ვერ ავიცილებთ, რომელიც საკანონმდებლო პროცესის ნაწილია ნებისმიერ სათათბირო ორგანოში, პირადი თავდასხმები სერიოზულად ძირს უთხრის ამ პროცესს.

მიუღებელია ქალების შეურაცხყოფა და გაჩუმების მცდელობა, რომლებიც სტატუს კვოს შეცვლას ცდილობენ. როგორც ლათინელი ქალი, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში მუშაობდა, ვერ გეტყვით, თუ რამდენჯერ მითხრეს, რომ გავჩუმებულიყავი ან დავლოდებოდი ჩემს რიგს. სხვა კანონმდებლების ღირსეულად და პატივისცემით მოპყრობის აუცილებლობაზე საუბარი ზედმეტია.

დემოკრატია აყვავდება, როდესაც ის წარმომადგენლობითია და როცა ქალებს თავიანთი თემების თამამად ადვოკატირების უფლება აქვთ. ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები ელიან და იმსახურებენ ლიდერობას და არა სექსისტურ კომენტარებს მათი არჩეული ოფიციალური პირებისგან. ჩვენ ერთად ვაწყდებით დაბრკოლებებს, როდესაც ლიდერობისთვის ვიბრძვით, რომელიც ტრადიციულად კაცებისთვის არის განკუთვნილი. იცოდეთ, რომ მე თქვენთან ერთად ვდგავარ მიზოგინიის და სექსიზმის წინააღმდეგ.

როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თანამოაზრე წევრები, უნდა გავერთიანდეთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ და გავაგრძელოთ სამართლიანობისა და თანასწორობის დაცვა ყველა ქალისთვის. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხი მთელ მსოფლიოში ყურადღებით აკვირდება, როგორ ექცევიან ქალებს, რომლებიც ისტორიულად გარიყულნი იყვნენ საკანონმდებლო ორგანოებიდან“,- აცხადებს ლინდა სანჩესი.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით