„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი ნადირაძე იქნება.
ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში თბილისის ორგანიზაციას პარტიის თავმჯდომარე არ ჰყოლია. იცით, რომ აპრილში ირაკლი ნადირაძეს დაევალა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობა, ლოჯისტიკის აწყობა ადგილობრივ პარტიის თავმჯდომარეებთან ერთად, ის ასევე იკავებდა აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას. ირაკლი ნადირაძე ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს და იქნება თბილისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
გარდა ამისა, მან „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარედ ზაზა გოგავა წარადგინა.
„მინდა დღეს საზოგადოებას წარვუდგინო „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე, ეს იქნება ზაზა გოგავა. პარტიაში ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მე პირადად მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ ზაზა გოგავა იქნება თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციის თავმჯდომარე“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.