პაატა ზაქარეიშვილი - მე მგონი, რომ არსებობს რესურსები ოპოზიციაში, სულ მცირე კიდევ 4-მა პარტიამ გადალახოს 5%, ეს უკვე სერიოზული გამოწვევა იქნება „ქართული ოცნებისთვის“

კარგად ჩანს, რომ შეიძლება „ქართული ოცნება“ გავიდეს პირველ ადგილზე, მაგრამ ასევე შეიძლება, მან ხელისუფლება ვერ მოიპოვოს და ვერ შეინარჩუნოს, თუ მობილიზებული იქნება ოპოზიცია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ კვლევებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უნიკალური შანსი არსებობს, რომ პროპორციული სისტემის შემთხვევაში ოპოზიცია მობილიზდეს და პირველ ადგილზე გასულ „ქართულ ოცნებას“ შიგნით, პარლამენტში მოუგოს.

„სამივე კვლევა (Edison Research-ი, „გორბი“, IRI-ი) სხვადასხვა მეთოდებზეა დაფუძნებული. მე მაინც ალოკაციის მეთოდს არ ვემხრობი. ალოკაციის მეთოდით ჩატარებული კვლევები, რომელიც Edison Research-მა ჩაატარა, ჩემთვის შედარებით არადამაჯერებელია, იმიტომ, რომ იქ არ ჩანს იმ მოქალაქეების პოზიციები, ვინც არავის არ ირჩევს ან არ აქვს ჯერ პოზიცია, ან პასუხის გაცემა არ უნდა. ამიტომ ბევრი კითხვა იბადება. იგივე „გორბმა“ ჩაატარა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კვლევა, ტელევიზია „იმედი“ მაინც არის სახელისუფლებო, უკვე წინასწარ რაღაც შინაგანი განცდა მაქვს, რომ არასწორად არის დაკვეთილი. „გორბი“ არასანდო ორგანიზაცია არ არის, მაგრამ დაკვეთა შეიძლება არასწორი იყოს ( როგორ დასვამენ კითხვებს, რისი ამოღება უნდათ მოსახლეობიდან და ა.შ.). ზოგადად მე ყოველთვის ვენდობი IRI-ის და NDI-ის კვლევებს, იმიტომ, რომ ისინი უცხოური ორგანიზაციები არიან, არ არიან მიბმული ადგილობრივ პოლიტიკურ სტრუქტურებს, არც ტელევიზიებს, არც პარტიებს. შესაბამისად, ჩემთვის მათი კვლევები უფრო სანდოა.

ამ ფონზე, აშკარად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ გავა პირველ ადგილზე შემდეგ არჩევნებში. ასევე, კარგად ჩანს, რომ შეიძლება „ქართული ოცნება“ გავიდეს პირველ ადგილზე, მაგრამ შეიძლება მან ხელისუფლება ვერ მოიპოვოს და ვერ შეინარჩუნოს, თუ მობილიზებული იქნება ოპოზიცია.

თუ გავითვალისწინებთ ევროკავშირში ვის უნდა, ნატო-ში ვის უნდა, ვისთვის მიუღებელია რუსეთი, ყველაფერი ამით დაჯამებით აშკარად ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ საფუძველი გამარჯვების არ აქვს, ერთადერთი საფუძველია ჩამოუყალიბებელი ოპოზიცია, მას სხვა საფუძველი არ გააჩნია და სიღარიბე, რომელიც ჩანს. ამიტომ, უნიკალური შანსი არსებობს პროპორციული სისტემის შემთხვევაში ოპოზიციამ მოახდინოს მობილიზაცია, რომ პირველ ადგილზე გასულ „ქართულ ოცნებას“ მოუგოს შიგნით პარლამენტში - მთავრობის ჩამოყალიბება, ბიუჯეტის დამტკიცება, კანონების მიღება და ა.შ. რაც ამ დღეებში პოლონეთში მოხდა, გავიდა ერთი პარტია პირველ ადგილზე, მაგრამ ოპოზიცია აყალიბებს ურთიერთობას მთავრობის. ეს შანსიც არ იკითხება, აი, ამ ნოტებში, რასაც ჩვენ სოციალურ კვლევებში ვხედავთ.

რაც შეეხება 5%-იან საარჩევნო ბარიერს, ეს დიდი გამოწვევაა ოპოზიციის მცირე წარმომადგენლებისათვის, გულახდილად გითხრათ, ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. გაჩნდა უნიკალური შანსი ბოლოს და ბოლოს ოპოზიციური პარტიები ჩამოყალიბდნენ ახალ სტრუქტურაზე, პლატფორმაზე და შექმნან იდეოლოგიაზე და რაღაც ხედვებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალები. ისინი უნდა გამსხვილდნენ, რომ ჩამოყალიბდნენ 3-4 მსხვილ რამე ცენტრად, გარდა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობისა“, მოახდინონ „ქართული ოცნებისაგან“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ სერიოზული, დამაჯერებელი დისტანცირება. მე მგონი, რომ არსებობს რესურსები ოპოზიციაში, სულ მცირე კიდევ 4-მა პარტიამ გადალახოს 5%-ი, ეს უკვე სერიოზული გამოწვევა იქნება „ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ პატარა პოლიტიკური ჯგუფები არ გაერთიანდებიან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რა მოცემულობა გვექნება მომავალი წლის პარლამენტში, რაზეც ზაქარეიშვილი ამბობს, რომ „ამ შემთხვევაში მივიღებთ ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო პარლამენტს საქართველოს ისტორიაში“.

„იქ იქნება გარანტირებულად მხოლოდ ორი პარტია, ეს იქნება „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ და შეიძლება, რომელიმე ერთმა პარტიამ გადალახოს. ყველაზე მეტი შანსი ამ კვლევებში, რაც ჩანს აქვს გახარიას პარტიას, რომელიც პირადად ჩემთვის მესამე ძალას წარმოადგენს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა