კახა კალაძე - მთავრობისა და მერიის ერთობლივი გადაწყვეტილება გადაჭრის ექსპლუატაციიდან გამოსული მატარებლების პრობლემას და გაზრდილი მგზავრთნაკადის საკითხს - 212 ვაგონის შესყიდვა-ჩანაცვლება ეტაპობრივად მოხდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის პირველ ეტაპზე, რამდენიმე დღეში ბაზრის კვლევა გამოცხადდება და ამის შემდეგ, გამოცხადდება ტენდერი.

როგორც მან თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის მასშტაბური პროექტი, რადგან აქამდე თბილისის მეტროში საბჭოთა წარმოების მატარებლები არ ჩანაცვლებულა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით კი, გაზრდილი მზავრთნაკადის პრობლემაც გადაიჭრება.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ჩვენი ქალაქისთვის. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 476 მილიონი ევროს ეკვივალენტი თანხა გამოიყოფა, რითაც 212 ერთეული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონების შესყიდვა მოხდება. თბილისის მეტრო განახლებას საჭიროებს. თქვენ იცით რამხელა სამუშაო ჩატარდა წლების წინ, ჩემი მერობის პერიოდში. ჩვენ მთლიანად შევცვალეთ არსებული ძალოვანი კაბელები, რომელიც დაახლოებით 450 კილომეტრი სიგრძის იყო მთლიანობაში, რაც უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე, გამნიავებელი სისტემები მთლიანად განვაახლეთ. ახალი აგრეგატები დაყენდა გვირაბებში. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გრძელდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მოძრავი შემადგენლობის ჩანაცვლება, რადგან ხშირია ძველი მატარებლების მწყობრიდან გამოსვლის ფაქტები, რაც მთლიანად მეტროპოლიტენის მუშაობას აფერხებს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს არის მასშტაბური პროექტი, რადგან აქამდე თბილისის მეტროში საბჭოთა წარმოების მატარებლები არ ჩანაცვლებულა და თბილისს ემსახურება 48 შემადგენლობა, 192 ვაგონის სახით, რომელიც გამოშვებულია და ექსპლუატაციაში მიღებულია 1974-1992 წლებში. საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის ერთობლივი გადაწყვეტილება გადაჭრის არა მარტო ექსპლუატაციიდან გამოსული მატარებლების პრობლემას, არამედ გაზრდილი მგზავრთნაკადის საკითხსაც. რადგან დაგეგმილი პროექტით გათვალისწინებულია არსებულზე მეტი, 212 ერთეული საერთაშორისო სტანდარტის ვაგონების შესყიდვა და ჩანაცვლება, რაც, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად მოხდება. დღეის მონაცემებით, ასევე, ინფორმაციის სახით მინდა მივაწოდო საზოგადოებას, სამუშაო დღეებში ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს თბილისის მეტროს, შესაბამისად ამ ადამიანების კომფორტულ, უსაფრთხო მგზავრობას აღნიშნული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ ეტაპზე, რამდენიმე დღეში უკვე გამოცხადდება ბაზრის კვლევა და ამის შემდეგ უკვე გამოვაცხადებთ ტენდერს და დავიწყებთ აღნიშნული ვაგონების შესყიდვას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის რადგან ჩვენთვის, ქალაქისთვის აღნიშნული მიმართულება პრინციპულად მნიშვნელოვანია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალში იყოს ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე სწრაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა