ადვოკატი - პირველი ჭრილობა ჰქონდა გურამ ელიზბარაშვილს, ჯერ თვითდაზიანება მიიყენა გაუფრთხილებლობით და შემდეგ მიაყენა ყაზახეთის მოქალაქეს დაზიანება? - ცოტა აზრს მოკლებული განცხადებაა

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უფრო კოჭს ვუგორებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ვიდრე ჩვენი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქის ინტერესებს ვიცავთ, - ამის შესახებ ყაზახეთის მოქალაქის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გურამ ელიზბარაშვილის ადვოკატმა, სალომე ივანიშვილმა პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პროკურატურის განცხადება, რომ გურამ ელიზბარაშვილმა ყაზახეთის მოქალაქის მიმართულებით ერთ-ერთი გასროლის დროს, გაუფრთხილებლობით თავად მიიყენა მუხლის არეში ჭრილობა, გაუგებარია, რადგან ჯერ გურამ ელისბარაშვილი არ დაუკითხავთ და არც ექსპერტიზა ჩატარებულა.

„ჩემთვის გაუგებარია პროკურატურა რაზე დაყრდნობით ავრცელებს ამ განცხადებას, გამომდინარე იქიდან, რომ გურამი არ გამოუკითხავთ. ის ამ წუთისთვის დუმილის უფლებას იყენებს. გარდა ამისა, არ ჩატარებულა არანაირი ექსპერტიზა არც ტყვიის ტრაექტორიის დასადგენად, არც იმის დასადგენად რამდენად შეესაბამება ეს თუნდაც გაუფრთხილებლობით თვითდაზიანებას. ამიტომ ვერაფრით ვერ დავეთანხმები ამ განცხადებას. ცოტა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, სიმართლე გითხრათ, რომ უფრო კოჭს ვუგორებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ვიდრე ჩვენი საკუთარი ქვეყნის მოქალაქის ინტერესებს ვიცავთ.

მისი ადვოკატის განცხადებაც მოვისმინე და ესეც გაუგებარია ჩემთვის. მხოლოდ შენიშვნა მისცა ძაღლთან დაკავშირებითო, ესეც აბსურდია იმიტომ, რომ კონფლიქტის დამწყები პირი ის იყო. პირველი ჭრილობა ჰქონდა გურამს. როგორ, ჯერ თვითდაზიანება მიიყენა გაუფრთხილებლობით და შემდეგ მიაყენა მას დაზიანება? ეს ცოტა აზრს მოკლებული განცხადებაა“, - განაცხადა ადვოკატმა სალომე ივანიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, მიუღებელია ისიც, რომ გურამ ელიზბარაშვილი სასამართლოში აღკვეთის შესაფარდებლად დაჭრილ მდგომარეობაში გადაჰყავთ მაშინ, როცა ფორმა 100-ში უწერია, რომ მისთვის გადაადგილება არის შეზღუდული.

„გურამი დაჭრილ მდგომარეობაში გადაჰყავთ სასამართლოში აღკვეთის შესაფარდებლად. ესეც ჩემთვის სრულიად მიუღებელია იმიტომ, რომ ადამიანს ფორმა 100-ში უწერია, რომ მისთვის გადაადგილება არის შეზღუდული, არ შეუძლია და ასეთ მდგომარეობაში სასამართლოში მიჰყავთ. მაშინ როდესაც მხოლოდ გურამს წარედგინა ბრალი და უცხო ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ დაზარალებულად არის ცნობილი ამ ეტაპისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გადაიხედება და გამოძიება ამას გადააკვალიფიცირებს. მე, როგორც მის უფლებადამცველს, არც იმის გარანტია არ მაქვს, ეს არ იყო ან ორმხრივი სროლა. ნამდვილად დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ კონფლიქტი იქითა მხრიდან დაიწყო და ეს არ იყო მხოლოდ შენიშვნით შემოფარგლული. საოცრად უწმაწური სიტყვებით აგინა მან გურამს. გურამ მისი დაზიანების განზრახვა არ ჰქონია და პირველი ჭრილობა მიაყენეს გურამს“, - განაცხადა სალომე ივანიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, მომხდარ დაპირისპირებაზე, რაც ყაზახეთის მოქალაქესა და გურამ ელიზბარაშვილს შორის ძაღლის გასეირნებას მოჰყვა, სამართალდამცავებმა გურამ ელიზბარაშვილი დააკავეს. დაჭრილია გურამ ელიზბარაშვილიც, მას წუხელ, გვიან ღამით, „ინგოროყვას“ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გურამ ელიზბარაშვილმა ყაზახეთის მოქალაქის მიმართულებით ერთ-ერთი გასროლის დროს, გაუფრთხილებლობით თავად მიიყენა მუხლის არეში ჭრილობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა