გიგა ბოკერია - დიდი შეცდომაა იმაზე კონცენტრაცია, ვინ ვისთან დაჯგუფდება, მთავარია ზრდა იმ  მხარდაჭერისა, რომელიც აუცილებელია ცვლილებისთვის  - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება

დიდი შეცდომაა იმაზე კონცენტრაცია, ვინ ვისთან დაჯგუფდება, მთავარია ზრდა იმ მხარდაჭერისა, რომელიც აუცილებელია ცვლილებისთვის და ამ საერთო მხარდაჭერის ზრდას სჭირდება მუშაობა პოლიტიკურ შინაარსზე - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, სპეკულირება, რომელიც მიდის წელიწადნახევარია იმაზე, ვინ ვისთან დაჯგუფდება და ის ფაქტი, რომ შემდეგ ასეთი დაჯგუფებები იშლება, ემსახურება ფრუსტრაციას და საზოგადოების იმ ნაწილის გაუცხოებას, რომელსაც ნდობა აქვს დაკარგული პოლიტიკური პროცესის მიმართ.

„დიდი შეცდომაა იმაზე კონცენტრაცია, ვინ ვისთან დაჯგუფდება, მთავარი არის ზრდა იმ მხარდაჭერისა, რომელიც აუცილებელია ცვლილებისთვის და ამ საერთო მხარდაჭერის ზრდას სჭირდება მუშაობა პოლიტიკურ შინაარსზე და ჩვენ ამით ვართ დაკავებულები. ტაქტიკური დაჯგუფებები, არჩევნების წინ როგორ და რანაირად იქნება პრაგმატულად საჭირო ამა თუ იმ ძალისთვის, ეს არ არის ცენტრალური საკითხი, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ჩვენ გასაზრდელი გვაქვს ჯამი და ამაში ვგულისხმობ ჯამს იმ ხალხისას, ვინც იქნება მოტივირებული, რომ ცვლილებას მხარი დაუჭიროს, ასეთი რეჟიმის დამარცხებისთვის საჭიროა დიდი უმრავლესობის მოპოვება. ამიტომ სპეკულირება, რომელიც მიდის წელიწადნახევარია იმაზე, ვინ ვისთან დაჯგუფდება, მერე ცხადდება გაერთიანებები, რომლებიც მერე იშლება, ემსახურება მხოლოდ ფრუსტრაციას და მინიმუმ საზოგადოების იმ ნაწილის გაუცხოებას პროცესთან, რომელსაც ნდობა აქვს დაკარგული პოლიტიკური პროცესის მიმართ“,- განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ახლა მთავარი ამოცანაა კონსენსუსის გარდაქმნა პოლიტიკური ცვლილებების მხარდაჭერაში, რომელიც ვნახეთ მარტის აქციებზე.

„ჩვენი ამოცანაა იმ დიდი თანხმობის, კონსენსუსის, გარდაქმნა პოლიტიკური ცვლილებების მხარდაჭერაში, პოლიტიკური შინაარსის მხარდაჭერაში, რომელიც ვნახეთ მარტის აქციებზე და „ევროპული საქართველოს“ ამოცანა ამ წლის განმავლობაში სწორედ ეს იყო. მნიშვნელოვანია ასეთ დროს საუბარი არა მარტო იმაზე, თუ როგორი დამღუპველია დღევანდელი რეჟიმი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, არამედ შინაარსი იმ ცვლილებების, რომლებიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს ამ რეჟიმის დამარცხების შემდეგ და ამიტომ დავიწყეთ ჩვენ პროექტი „ახალი რესპუბლიკა“, ამიტომ გვაქვს შინაარსი არა ერთი მიმართულებით, არა სადღეგრძელო, არა დეკლარაცია, არამედ ღრმა შინაარსი ჩვენი ხედვის და ნელ-ნელა ხდება ისე, რომ მედიაშიც ეს თემა აქტუალური ხდება. მნიშვნელოვანი გვგონია ის ინიციატივა, რომელზეც აქ იქნება საუბარი ანუ პარტიის შიგნით, ვინც არის თანამოაზრე, მხარდამჭერი და იმ ფასეულობებს იზიარებს, რაზეც ევროპული საქართველო დგას, ისინი წყვეტდნენ, როგორი იქნება სახე ამა თუ იმ პარტიის საპარლამენტო არჩევნებზე, რა პოზიცია ექნება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და ამიტომ დავიწყეთ ჩვენ არა დეკორაციული, არამედ რეალური პროცესი პრაიმერის“,- განაცხადა ბოკერიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა