გიორგი ტყემალაძე - წერეთლის გამზირთან დაკავშირებით ოპოზიცია მისთვის ჩვეულ მავნებლურ კამპანიას აწარმოებს

ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციამ მავნებლური აჟიოტაჟი ატეხა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ოპოზიცია მოსახლეობის დეზინფორმირებას ცდილობს, სინამდვილეში კი, წერეთლის გამზირზე სამუშაოები მოცემულ ვადებში, იანვრის ბოლოს დასრულდება.

მისივე თქმით, ახალ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა და იანვრის ბოლოს იქ სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება.

„წერეთლის გამზირი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს. სულ მალე ჩვენ რეაბილიტირებული და სატრანსპორტო რეფორმის შესაბამისად დაგეგმარებული გამზირი გვექნება, სრულად განახლებული მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ეს ყველაფერი ჩვენი თანამოქალაქეებისა და ჩვენი ქალაქისთვის კეთდება. ამ დროს კი, ოპოზიცია მისთვის ჩვეულ მავნებლურ კამპანიას აწარმოებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს, რაც არასწორია. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი იწვევს მოსახლეობის დისკომფორტს, მაგრამ ადამიანები ამას გაგებით ეკიდებიან“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მას შემდეგ, რაც კახა კალაძე ქალაქის მერია, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ერთ-ერთი პრიორიტეტია. გიორგი ტყემალაძის თქმით, დედაქალაქის მერია, 2017 წლიდან, იმ გამზირების რეაბილიტაციას ახორციელებს, სადაც სამუშაოები ათეულობით წლებია არ ჩატარებულა და ასეთი პროექტების განხორციელება ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წერეთლის გამზირზე სამუშაოები მოცემულ ვადებში დასრულდება და იანვრის ბოლოს საგზაო მოძრაობა ორმხრივად აღდგება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა