ირაკლი პეტრიაშვილი - 10 ათასი პრობლემა შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სად და როგორ ირღვევა დასაქმებულთა უფლებები, მაგრამ საბოლოოდ, ეს ტოპ 4 პრობლემას უკავშირდება - თუ ეს 4 პრობლემა დარეგულირდება, 10 ათასი პრობლემაც აღმოიფხვრება

„საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება“ ითხოვს საქართველოში ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი დაწესდეს, „საქსტატის“ მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით, 636 ლარს შეადგენს. „პროფკავშირების გაერთიანებაში“ მიაჩნიათ, რომ მომავალში მინიმალური ხელფასი ევროპულ სტანდარტებს უნდა დაუახლოვდეს და საშუალო ხელფასის 60%-ს მიაღწიოს.

რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში 636 ლარზე ნაკლები ხელფასი და რას შეცვლის ეს ინიციატივა, რა გამოწვევები არსებობს საქართველოში შრომითი უფლებების კუთხით და როგორია ამჟამად დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა, ამ საკითხებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში დიდი ყურადღება დაეთმო ადამიანთა უფლებებს, მათ შორის, შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის ნაწილს. ეს არის ის საკითხები, რაზეც პროფკავშირების გაერთიანებამუშაობს. საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო და ახლა შემდგომი ნაბიჯებია გადასადგმელი. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით რეფორმების გატარება და დასაქმებულთა უფლებების დაცვა. რა იქნება თქვენი რეკომენდაცია ხელისუფლებისადმი?

- პირველ რიგში, მინდა საქართველოს და თქვენს მკითხველს კანდიდატის სტატუსი მივულოცო. მართლაც შავი და თეთრია ეს ყველაფერი. ალბათ, ძალიან დიდ ფულს იღებენ ცალკეული ადამიანები, რომ ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია გარკვეულწილად დააკნინონ. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება „პროფკავშირების გაერთიანების“ მიღწევაც არის, რადგან ამ გზაზე „საქართველოს პროფკავშირმა“ ძალიან ბევრი გააკეთა. ალბათ, ამას მემუარებში უფრო დავწერ, მაგრამ ბევრმა იცის იმის შესახებ, თუ რა გაგვიკეთებია ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით. სახელმწიფო უწყებების თავზე მოფრიალე ევროკავშირის დროშა კი არ მხიბლავს, არამედ ის სისტემა და სამართლიანი გარემო, სადაც პენსიონერს უფასებენ მის ღვაწლს და ღირსეულ პენსიას აძლევენ, ადამიანებს აღარ აქვთ ექიმის პრობლემა, თუ შეუძლოდ გახდებიან, აღარ აქვთ შიმშილის პრობლემა და ასე შემდეგ. კანდიდატის სტატუსის მიღება საკმარისი არ არის, ჩვენ ბევრად უფრო მეტი ამბიცია გვაქვს - ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა გავხდეთ. მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, ისეთ ორგანიზაციებთან მექნებოდა მეტი კომუნიკაცია, ვისაც გაეგებათ ევროპული სტრუქტურებში მუშაობა, იციან ევროპული დირექტივები, ნორმები და ის, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი ეკონომიკაზე. სოციალური პარტნიორობის კომისიას უფრო მეტად ავამუშავებდი. გასატარებელ რეფორმებზე მუშაობას დავიწყებდი. პოლიტიკოსებს მარათონი და დოღი ჰქონდათ გამართული, ეს და ის მე გავაკეთე, რომ ევროკავშირის სტატუსი მიგვეღოო. ზუსტად ვიცი, ვინ უშლიდა ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, მართლა კაბინეტ -კაბინეტ ვინ დადიოდა. ქართველ პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ძირითადად, ოპოზიცია იყო, კონკრეტული სახელი და გვარები ვიცი. შემდგომში აუცილებლად ვიტყვი, თუ რეალურად შეეცდებიან, რომ საზოგადოებას ევროპაში ინტეგრაციის შანსი დააკარგვინონ. 8 წლის განმავლობაში „ევროპის პროფკავშირების“ პრეზიდენტი ვიყავი და შესაბამისი კომუნიკაცია მქონდა, მათ შორის ევროპარლამენტარებთან და ასე შემდეგ. სახელებით და გვარებით ვიცი ისინი, ვინც ამბობდნენ, თუ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, გამოვალთ, ამ მთავრობას გადავაყენებთ და ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაშიო. ახლა იმიტომ არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რომ დაყოფის და გაყოფის დრო არ არის. ამ ადამიანებსაც მინდა შევაგონო, რომ სხვისი გაკეთებულიც დააფასონ და თავიანთი შესაძლებლობებიც გამოიყენონ. იქნებ ყველამ ერთად შევძლოთ, რომ საქართველო ევროკავშირს მეტად დაუახლოვდეს. საქართველოს ყველაზე ნაკლები მეგობარი ჰყავს მთელ მსოფლიოში, ჩვენი სამეზობლოსგან განსხვავებით, რომელთაგან ზოგს დიასპორა ჰყავს, ზოგს ლობისტები და ზოგსაც მონათესავე ერები. ჩვენ არავინ გვყავს, საკუთარი თავის გარდა. სწორედ ჩვენმა ინტელექტმა, განათლებამ და ერთსულოვნებამ უნდა მოგვცეს საშუალება, ეს ბარიერები გადავლახოთ. ახლა დაყოფის და დაქსაქსვის დრო არ არის, რადგან ისტორიული შანსი გვაქვს.

- როგორ შეაფასებდით საქართველოში შრომითი ურთიერთობების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას, რა პრობლემები არსებობს და როგორ აპირებს პროფკავშირების გაერთიანებაარსებული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას?

- პირობითად, 10 ათასი პრობლემა შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სად და როგორ ირღვევა დასაქმებულთა უფლებები, მაგრამ საბოლოოდ, ეს ტოპ 4 პრობლემას უკავშირდება, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. თუ ეს 4 პრობლემა დარეგულირდება, ის 10 ათასი პრობლემაც აღმოიფხვრება ან თუ იქნება, ადეკვატური რეაქცია მოჰყვება და მყისიერად დარეგულირდება.

პირველი პრობლემა არის არაფორმალური დასაქმება. დღეს არაფორმალურ სექტორში დასაქმებული არის საერთო დასაქმებულთა 32%. არაფორმალურ სექტორში დასაქმება ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი ვერ სარგებლობს იმ მიღწევებით, რასაც „პროფკავშირმა“, ქართულმა საზოგადოებამ შრომის კანონმდებლობის ცვლილებასთან, შრომის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით მიაღწია.

მეორე პრობლემა გახლავთ დასაქმებულებში მინიმალური ხელფასის არარსებობა. მინიმალური ზღვარი თუ არ არის, დასაქმება სრულფასოვანი ვერ იქნება. საქართველოში 132 ათას ადამიანს ქვეყნის მიერ გამოანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ანაზღაურება აქვს. დამსაქმებელთა სიხარბეს საზღვარი არ აქვს. ანალოგიური პრობლემის წინაშე არიან სასურსათო მაღაზიებში დასაქმებული ჩვენი თანამემამულეები, რომლებსაც ძალიან დაბალი აქვთ ანაზღაურება და ფაქტობრივად, მინიმალურ ზღვარს უტოლდება. ამის ფონზე, დამსაქმებლები ცრემლებს აღვარღვარებენ, რომ კადრები არ ჰყოფნით, რადგან ისინი საზღვარგარეთ გაედინებიან.

მესამე პრობლემა არის კოლექტიური სოციალური დიალოგის არარსებობა ქვეყანაში. ულტიმატუმის და გაფიცვის ნაცვლად, 21-ე საუკუნეში სოციალური დიალოგის კულტურა უნდა არსებობდეს, რომლის წამხალისებელი ყველა დონეზე საქართველოს მთავრობა უნდა იყოს. საქართველოში ბევრია ისეთი კომპანია, სადაც ადამიანებს ანაზღაურება არც ერთი თეთრი არ მომატებიათ. ეს ზრდის სოციალურ უთანასწორობას და ბევრ სხვა სხვა პრობლემატურ საკითხს წარმოშობს.

მეოთხე პრობლემა არის სასამართლოს ეფექტიანობა. დასაქმებულ ადამიანებს ხშირად წლების განმავლობაში კოლოსალური თანხის გადახდა უწევთ იმისთვის, რომ დაიქირაონ ადვოკატი, აწარმოონ სასამართლო პროცესები, გადაიხადონ სასამართლოში ბაჟი და შემდგომ მრავალი წელი ელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც ცნობილია, გასულ წელს „პროფკავშირების გაერთიანებამ“ ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების ინიციატივით საქართველოს პარლამენტს მიმართა.

- პროფკავშირების გაერთიანებამოითხოვს, რომ ქვეყანაში დაწესდეს მინიმალური ხელფასის სტანდარტი, რაც საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40% იქნება. უფრო მეტი გვითხარით თქვენს წინადადებაზე - რამდენ ადამიანს შეეხება და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

- მინიმალური ხელფასი 636 ლარი იმიტომ გამოვიანგარიშეთ, რომ არსებობს „მსოფლიო ბანკისა“ და სხვადასხვა ორგანიზაციების კვლევა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის 40-50% უნდა იყოს მინიმალური ხელფასი. სწორედ ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევაზე დაყრდნობით „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ“ გამოიანგარიშა, რომ საშუალო ხელფასის 40% გახლავთ 636 ლარი. ეს ინფლაციას და ეკონომიკაში სხვა კატაკლიზმებს არ გამოიწვევს. ოპონენტებს სურთ გარკვეულწილად „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების“ დისკრედიტაცია მოახდინონ, როდესაც ამბობენ, 636 ლარი ვის და რაში ეყოფა, ეგ კი არა 2 000 ლარი უნდა იყოს და ასე შემდეგ, თითქოს მე წინააღმდეგი ვარ. ეს საკითხი ბიუჯეტზე, ეკონომიკის პარამეტრებზე გათვლით გამოიანგარიშება. თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ქვეყანაში 252 ლარია საარსებო მინიმუმი, 636 ლარი სჯობს 252 ლარს. სამედიცინო სექტორში დაწესებულმა საათობრივმა მინიმალურმა ანაზღაურებამ შემოსავალი ამ ქვეყანაში სამედიცინო სექტორში დასაქმებულ 21 ათას ადამიანს გაუზარდა. წარმოიდგინეთ, რა მძიმე მდგომარეობა იყო. ჩვენ მიერ ინიციირებული 636 ლარი შემოსავალს და ანაზღაურებას დაახლოებით 180 ათასზე მეტ ადამიანს გაუზრდის. ანუ, 180 ათასზე მეტ ადამიანს საშუალება ექნება, თვიდან თვემდე შიმშილით სიკვდილისთვის განწირული არ იყოს. ბუნებრივია, გვესმის, რომ ეს ფუფუნება არ არის, მაგრამ არსებობს ზღვარი შიმშილით სიკვდილს, სასოწარკვეთილებას და იმას შორის, რომ შენ უკვე გაქვს გარანტია, ფინანსებთან დაკავშირებით შენს გამოწვევებს მეტ-ნაკლებად გაუმკლავდე. 130 ათას ადამიანს აქვს ქვეყნის მიერ გამოანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ 130 ათასი ადამიანი ამ სახელმწიფოში შიმშილით სიკვდილისთვის უკვე განწირულია. 100 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს 40 ათას ადამიანს. 180 ათასი ადამიანის პრობლემა მეტ-ნაკლებად თუ გადაწყდება, ე.ი. ეს კარგი ინიციატივა ყოფილა ხომ?!

- გქონდათ თუ არა ინიციატივის წარდგენამდე პარლამენტთან და ბიზნესმენებთან, დამსაქმებლებთან კომუნიკაცია? ემხრობიან თუ არა ისინი ქვეყანაში მინიმალური ხელფასის განსაზღვრას?

- რაც შეეხება ჩვენს კომუნიკაციას, პარლამენტი, მთავრობა, ბიზნეს გაერთიანებები, ცალკეული ბიზნესორგანიზაციები, ვისთანაც გვაქვს თუ არ გვაქვს კოლექტიური ხელშეკრულება ან კომუნიკაცია, მათთან უამრავი შეხვედრა გვქონდა. წლის ბოლოს, ასევე, სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება“ ამ ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოვიდა ოპონენტები ბიზნეს სექტორიდან ამბობდნენ, რომ მინიმალური ხელფასი მათ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნიდა. ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, რომელიც ამ კომისიას თავმჯდომარეობს, უპასუხა, რომ ეს გარდაუვალია და მინიმალური ხელფასის ზღვარი ადეკვატური უნდა იყოს.

ეს ინიციატივა უნდა შეეხოს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს.

- მინიმალური ხელფასის პოლიტიკის განსაზღვრა გავლენას მოახდენს თუ არა კონკურენციასა და ბაზარზე? თქვენი შეფასებით, ექნება თუ არა მას გავლენა ინფლაციაზე?

- სრული აბსურდია, რომ მინიმალური ხელფასის დაწესებას ამ კუთხით რაიმე უარყოფითი გავლენა ექნება. ნუ დაეყრდნობით ჩემს სიტყვებს და ამ თვალსაზრისით „პროფკავშირების გაერთიანების“ რიტორიკას, ნახეთ 3 წლის წინ ვინ გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი, ადამიანი, რომელმაც მეცნიერულ დონეზე დაამტკიცა, რომ ადეკვატური მინიმალური ხელფასის დაწესება არ იწვევს ინფლაციას და სამუშაო ადგილების შემცირებას. მინიმალური ხელფასის შემოღება ეკონომიკის გააქტიურებას შეუწყობს ხელს. ლარზე მოთხოვნის გაზრდა ნიშნავს ეკონომიკის სტაბილურობას. პირველადი მოხმარების პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოების ციკლი გაუაქტიურდებათ.

- მინდა, ასევე, ვისაუბროთპროფკავშირებისმიერ წარმოებულ სასამართლო დავებზე. რამდენად გაზრდილია ამ თვალსაზრისით მომართვიანობა და რას აკეთებსპროფკავშირების გაერთიანებადასაქმებულთა უფლებების დასაცავად? გასულ წელს რამდენი დავა დასრულდა დასაქმებულთა სასარგებლოდ?

- „პროფკავშირების გაერთიანება“ უფასო იურიდიულ მომსახურებას ეწევა, ანაზღაურებას არ ვიღებთ. მხოლოდ წევრებს კი არა, თუ გვაქვს შესაძლებლობა, მოქალაქეებსაც ვეხმარებით, რომლებიც ჩვენი წევრები არ არიან. მომართვიანობა გაზრდილია, რაც განაპირობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომელიც „პროფკავშირების“ ინიციატივით დარეგულირდა. ადამიანებს გაუჩნდათ შეგრძნება, რომ შავით თეთრზე რაც წერია კანონში, ეს მათ რეალურ შრომით ურთიერთობაში ასახული არ არის. მათ რეალურად გაუჩნდათ პროტესტის გრძნობა. თუ 2012 წლამდე ფაქტობრივად, დავა არ გვქონდა მოგებული, რადგან სათანადო კანონი არ არსებობდა, ამ სიტუაციაში დავა არ წაგვიგია. 2023 წელს 247 ფიზიკური პირის პროცესი მოვიგეთ. ეს მონაცემები მინიმუმ 2-ზე უნდა გავამრავლოთ, რადგან პირველ ინსტანციას არავინ სჯერდება. დაახლოებით 450-მდე სასამართლო პროცესი გვაქვს მოგებული. დაახლოებით 8 ათასზე მეტი იურიდიული კონსულტაცია გავუწიეთ მოქალაქეებს, ადამიანებს ვასწავლეთ, როგორ დაარეგულირონ თავიანთი პრობლემები. კიდევ უფრო მეტია სასამართლოს გარეშე მოგვარებული დავების რაოდენობა. უამრავი პროცესი გვაქვს მოგებული, სადაც დამსაქმებლებს 3 წლის განაცდურის ანაზღაურება მოუწიათ ისე, რომ დასაქმებული მასთან არ მუშაობდა. დამსაქმებლებიც მეტ-ნაკლებად გონს მოეგნენ. 216-ზე მეტია ისეთი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციით დამსაქმებლებს უკან დაუხევიათ და დასაქმებულთა უუფლებობა აღუდგენიათ. გარდა ამისა, კონფიდენციალურობა სრულად იქნება დაცული, თუ ჩვენ სასამართლოში არ ვიდავებთ და მივუთითებთ, რომ კონკრეტულ საწარმოში უფლები ირღვევა.

- საქართველოში ქალების დიდი ნაწილი არაფორმალურ შრომაშია ჩართული. როგორია მათი უფლებრივი მდგომარეობა და რატომ არის შრომის ფორმალიზება მნიშვნელოვანი?

- კოვიდ პანდემიის პერიოდში, როდესაც კარანტინი იყო და ადამიანები სახლებში იყვნენ ჩაკეტილი, ეს უფრო მეტად ქალებს შეეხოთ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, იმ ქალებს, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებული. არაფორმალურ სამუშაო გარემოში საერთოდ სახელიც და გვარიც არ არსებობს, ვინ მუშაობს. ამიტომ, ქალების შრომითი უფლება უფრო მეტად შეილახა, ვიდრე კაცების. გარდა ამისა, დღემდე უთანასწორობა გვაქვს ხელფასებში. მამაკაცის ხელფასი 32%-ით მეტია, ვიდრე ქალის. ეს ნიშნავს, რომ გოგონა, რომელიც იბადება, მშობელმა იცის, რომ მისი შესაძლებლობა ბიჭთან შედარებით, 32%-ით ნაკლები იქნება. ეს ახლა სამართლიანი საზოგადოება შეიძლება იყოს? შეიძლება სქესის მიხედვით ხელფასებში უთანასწორობა იყოს? ჭკუას და გონებას არავინ აქცევს ყურადღებას. ასეა მიღებული პრაქტიკა. როგორ გინდა სამართლიანი საზოგადოება ააშენო იქ, სადაც ქალის უფლება უფრო შეზღუდულია, ვიდრე კაცის. ეს ინიციატივები 2006 წლიდან ჰქონდა „პროფკავშირებს“, მაგრამ „არსაიდან ხმა, არსით ძახილი“, არავინ იგებდა ამ ყველაფერს. საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო მეტი ჩართულობა და სოლიდარობაა საჭირო ამ პრობლემების გადასაჭრელად, რადგან მარტო „პროფკავშირების გაერთიანება“ ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. ეს საქართველოსთვის გლობალური პრობლემებია, რომლის მოგვარებაც ბევრი სხვა პრობლემის გადაწყვეტას ნიშნავს.

- დასაქმებულები შრომით ურთიერთობებში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ზეგანაკვეთურ შრომას და ანაზღაურების საკითხს ასახელებენ. როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი?

- ჩვენ როგორც გვესახებოდა, ისე გადავწყვიტეთ ზეგანაკვეთური მუშაობის საკითხი და კანონმდებლობაშიც ავსახეთ. უფრო მეტს ვერ მივაღწიეთ, რადგან ჩვენს ხმას მეტი ძალა სჭირდებოდა, რომელსაც საზოგადოება გვაძლევს. ზეგანაკვეთური შრომა აუცილებლად უნდა იყოს ანაზღაურებული. ეს რომ პარლამენტში ვერ გადაწყვიტეთ, სასამართლოში შევქმენით პრეცედენტი. სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ზეგანაკვეთური შრომა უნდა ანაზღაურდებოდეს. ანუ, თუ თქვენი საათობრივი ანაზღაურება არის 1 ლარი, ყოველი ზედმეტი საათი, რომელსაც 8 საათზე მეტს იმუშავებთ, უნდა ანაზღაურდებოდეს მინიმუმ 1,25%-ით. იქ, სადაც „პროფკავშირები“ ჰყავთ, თავიანთი წევრები და ორგანიზაციები, ზოგან ორმაგიც არის, ზოგან 2,5 პროცენტიც, მაგრამ ეს უკვე კოლექტიური მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული ნორმებია. პრეცედენტულად, 1,25%-ზე ნაკლები არსად შეიძლება. მოქალაქეებმა უნდა მიმართონ „პროფკავშირს“, თუ მათ ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას არ უხდიან. სასამართლო დავაც კი არ დასჭირდებათ, ჩვენ უზრუნველვყოფთ შრომის ინსპექციის ინფორმირებულობას და მათ პრობლემას დავარეგულირებთ ისე, როგორც საჭიროა. კანონი უკვე გვაქვს და ახლა მას იმპლემენტაცია სჭირდება, რომ მოქალაქეებმა ამ ყველაფრით ისარგებლონ. როცა შესაბამისი კანონი არ გვქონდა, აქციებისა და პროტესტის გამოხატვის გარდა, ვერაფერს ვაკეთებდით.

- თქვენი შეფასებით, შრომით სფეროში ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრისთვის რა ნაბიჯებია გადასადგმელი და რა რეფორმები უნდა გაატაროს ხელისუფლებამ?

- შრომით სფეროში დისკრიმინაციასთან დაკავშირებით გვაძლიერებს ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს და ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ. გარდა ამისა, შრომის ინსპექციაც არის ჩართული. ამ თვალსაზრისთ მომართვიანობა უნდა იყოს. კანონმდებლობა მეტ-ნაკლებად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოქალაქეების უფლება დაცული იყოს, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ, უბრალოდ, ამის შესახებ გვაცნობონ.

- რატომ უნდა მიმართონ მოქალაქეებმა პროფკავშირების გაერთიანებას“, თუ ფიქრობენ, რომ უსამართლოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან ან მათი შრომითი უფლებები ილახება?

- „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების“ ფუნქცია წესდებით გახლავთ საკანონმდებლო ინიციატივები და საერთაშორისო ურთიერთობები. როგორც ხედავთ, არც ინიციატივები გვაკლია და საერთაშორისო ურთიერთობების მხრივ მსოფლიოში ყველაზე მეტად აღიარებული პროფკავშირული ორგანიზაცია გვაქვს. ჩვენი, როგორც ორგანიზაციის ფუნქცია არ გახლავთ კონკრეტული ფიზიკური პირის უფლებების დაცვა ამა თუ იმ სექტორში. იქნება ეს პედაგოგი, ექიმი, მსახიობი თუ ასე შემდეგ. დარგი, რომელიც ამა თუ იმ სექტორში მოღვაწეობს, ეს მისი გადასაწყვეტია და ის უნდა მოემსახუროს. მან უნდა მომცეს უფლება, ან ჩავერიო და ან არა. ფიზიკურ პირებს ორგანიზაცია ვემსახურებით იმისთვის, რომ სამართლიანი გარემოს შექმნას ხელი შევუწყოთ.

- როგორიასაქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისსამომავლო გეგმები, რა არის სამომავლოდ თქვენი მთავარი პრიორიტეტი?

- ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ევროკომისიის დათქმების შესრულება. ამ პუნქტების გადაწყვეტაში იქ, სადაც პროფკავშირებს თავის კომპეტენცია აქვს, ყველას ვთავაზობ, მათ შორის ხელისუფლებას, ვიმუშაოთ, რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ. ჩვენ მზად ვართ ყველასთან დიალოგისთვის და ამისთვის შესაბამისი კომპეტენციაც გაგვაჩნია.

თაკო ჩხაიძე

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა