გია მურღულია - სკოლაში ყველაფერი არ უნდა ასწავლო, უნდა ასწავლო იმდენი, რაც ბავშვის განვითარებისთვისაა საჭირო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ზოგადი განათლების მიმართულებით ახალ საგნობრივ სტანდარტებს ქმნის. ამისთვის ექსპერტთა სპეციალური ჯგუფებია შერჩეული. მათ, საორიენტაციოდ, მიმდინარე წლის მარტის თვის ბოლომდე, კონკრეტული გეგმა უნდა შეიმუშაონ. ზოგადი განათლების ახალი სტანდარტის საბოლოოდ დამტკიცებამდე კი საჯარო განხილვებიც გაიმართება. რას გულისხმობს ახალი საგნობრივი სტანდარტები, რომლებიც სკოლებში 2024-2025 სასწავლო წლიდან უნდა დაინერგოს და რას შეცვლის სწავლა - სწავლების ნაწილში, კიდევ რისი შეცვლა იგეგმება და რა არის პროგრამა მინიმუმი, რომელიც მოსწავლეს 12 წლის ბოლოსთვის დაძლეული უნდა ჰქონდეს. ამ და სხვა თემებზე „ინტერპრესნიუსი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტს ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიას ესაუბრა:

- ბატონო გია, როგორც ვიცი, სასკოლო საგნობრივი სტანდარტების ახალი ვერსიების შესაქმნელად სამინისტროში, ყველა საგანში შექმნილია სპეციალური ჯგუფები. თქვენ ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფს წარმოადგენთ. რა სტანდარტზე მუშაობს სამინისტრო და როგორი იქნება ის? რა იცვლება და რა რჩება უცვლელი?

- სტანდარტის შემუშავება რეფორმის ერთ-ერთი ნაწილია, არსებითად მნიშვნელოვანი ნაწილი. რა არის საგნობრივი სტანდარტი? ეს არის სავალდებულო მინიმუმი საქართველოში ყველა სკოლისთვის. ეს სტანდარტები, რა თქმა უნდა, ახლაც არსებობს, მაგრამ მათი გადახედვის, სახეცვლილების, ახალი ვერსიების შექმნის აუცილებლობა დადგა. ყველა საგნის მიმართულებით ასეთი ჯგუფი შექმნილია და რასაკვირველია, ქართული ენა და ლიტერატურა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პირადად მე ჩართული ვარ ამ და ისტორიის ჯგუფში. კოორდინაცია, საგნების სწავლების თვალსაზრისით, უნდა იყოს მაღალი. ხშირ შემთხვევაში, ასეთი კოორდინაციით ვერ დავიკვეხნიდით. სტანდარტი ფურცელზე დაწერილი სიტყვები კი არაა, ეს არის სკოლის რეალური ცხოვრება. როდესაც სხვადასხვა საგნის სწავლების დროს კოორდინაციის ხარისხი დაბალია, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეს ერთ დღეს, შესაძლოა, ყველა მასწავლებელმა მისცეს დავალება და ამის სწავლა კი უბრალოდ შეუძლებელი იყოს. რატომ არის, რომ თითქმის ყველა მასწავლებელი წუხს საათების ნაკლებობაზე?! იმიტომ, რომ ვერ ასწრებენ იმ მასალის სწავლებას, რაც პროგრამითაა გათვალისწინებული. რატომ ვერ ასწრებენ? იმიტომ, რომ ბევრია და კარგად არ არის გათვლილი, რა დრო სჭირდება ამ მასალის გადაცემას, სწავლებას, გაგებინებას ბავშვებისთვის. თან მხოლოდ გადაცემა ხომ არაა, უნდა მოიკითხო, რა ისწავლა მან. საათების სიმცირეზე საუბარი უნდა გაქრეს. კარგად უნდა იყოს გათვლილი, რა მასალას გთავაზობთ და რა დრო გაქვთ თქვენ, როგორც მასწავლებელს და როგორც სკოლას ამის სარეალიზაციოდ. ამასთან, ეს სტანდარტი უნდა ეფუძნებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და სასწავლო გეგმას. არსებობს დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები“, 2004 წელსაა მიღებული. ახლა გადაიხედება, ახალი ვერსია შეიქმნება - 2004 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახლებური ხედვაა საჭირო. სამინისტრო და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ამაზე მუშაობენ. ახალ ვერსიას, იმედია, მალე ვიხილავთ - ალბათ, სასწავლო წლის ბოლომდე.

- ბევრჯერ გვინახავს ზოგადი განათლების რეფორმა, მიზნების, სტანდარტების შემუშავება. დიდი ხანია გვესმის ფუნდამენტური ცვლილებების შესახებ. თითქმის ყოველ წელს, ახალი რაღაც ინერგება, შემდეგ იცვლება... აქამდე არ ვიცოდით, რომ არსებული საათები ამ მასალის სრულყოფილად შესასწავლად არ იყო საკმარისი?!

- თეორიულად ამ ყველაფრის ცოდნა, ავტომატურად არ ნიშნავს მის უცილობელ გათვალისწინებას. ამაზე ბევრი კრიტიკული სიტყვა თქმულა აქამდეც. გვინდა, რომ ამ კრიტიკის საფუძველი აღმოიფხვრას და სწავლების ორგანიზების თეორიული საფუძვლები უფრო გონივრულად იყოს გააზრებული.

- რა არის თქვენი და იმ ექსპერტთა ჯგუფის შემოთავაზებული ვერსია, სასურველი მოდელი, რომლის წევრიც თქვენც ხართ? თუ თანხმდებით ერთ კონკრეტულ მოდელზე, ვერსიაზე, სურვილზე?

- ახლა არის პროცესი, საბოლოო შედეგს, საორიენტაციოდ, ვფიქრობთ, მარტის ბოლოს დავდებთ. იმედი მაქვს, რომ ამ დროისთვის შემუშავდება სტანდარტი. ახლა არის დისკუსიები, პოზიციების, ხედვების შეჯერება. ამას უნდა მოჰყვეს შეთანხმება და შემდეგ ტექსტის დაწერა, თუმცა აქაც არ მთავრდება პროცესი. ამას ჩვენ რომ შევქმნით, შემდეგ სჭირდება განხილვა და შეფასება სასკოლო საზოგადოებისა და დარგის სხვა ექსპერტების მხრიდან.

- უკვე არის შერჩეული იმ პირთა წრე, ვინც თქვენ მიერ შემუშავებულ სტანდარტს შეაფასებს?

- ამას ჩვენ ბევრ ადამიანს გავაცნობთ. ესენი იქნებიან: მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ხელმძღვანელები. თუმცა პასუხისმგებლობა არის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსი. ამ საქმის გამკეთებელი, ბუნებრივია, ის იქნება. ჩამოგითვლით, რამდენ დეტალსა თუ მნიშვნელოვან ნიუანსს მოიცავს ეს პროცესი. განათლების ნებისმიერი რეფორმა ფასდება იმით, კონკრეტულად რა ხდება საკლასო ოთახში. ყველა რეფორმას, რომელზეც მსმენია, წამიკითხავს და ვიცი და ბევრია ასეთი, პრობლემები ექმნებოდა იმის გამო, რომ დანერგვის, იმპლემენტაციის კულტურა იყო დაბალი. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენ რამეზე გვიწევს დაფიქრება, როცა, ერთი შეხედვით, მარტივ საკითხებზე ვმსჯელობთ. როგორც კი არარეალისტურ მიზნებს დაისახავთ, რასაც ვერ განახორციელებთ, იმ წუთას დამთავრებულია ამის დღე და ისტორია. სტანდარტი ეს არის ყველასთვის სავალდებულო მინიმუმი. როცა ძველ სტანდარტებს ვაკვირდებოდი, ეს უფრო საოცნებო მაქსიმუმი იყო, ვიდრე სავალდებულო მინიმუმი. „სავალდებულო მინიმუმი“ ისაა, რაც ყველამ უნდა დაძლიოს. ადამიანებს სხვადასხვა შესაძლებლობა და ნიჭიერების ხარისხი აქვთ. მინიმალური ზღვარი რა არის ანუ თამასა სადაა, რათა სახელმწიფომ გითხრას - „შენ მიღებული გაქვს ზოგადი განათლება და გიდასტურებ ამას!“ საზოგადოებას სწორედ ამ სტანდარტმა მკაფიოდ უნდა უთხრას.

- დღეს არ გვაქვს ეს სტანდარტი, რომელიც გვეუბნება, სად გადის ეს ზღვარი?

- გვაქვს! პირადად ჩემი აზრია, რომ ეს სავალდებულო მინიმუმი მთლად კარგად და მკაფიოდ გამოხატული არაა. რიგ შემთხვევაში, იქ ჩაწერილი მოთხოვნები ჰაერში დაფარფატებს, ვიდრე სავალდებულო მინიმუმს გამოხატავს.

- თქვენი ვერსიით, რა უნდა იყოს ეს სავალდებულო მინიმუმი? დღეს რა არ მოგწონთ და რა არის შესაცვლელი?

- ეს რომ კარგად გავარკვიოთ ჩვენ, ზუსტად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, სად გადის ზღვარი ზოგად განათლებასა და უმაღლეს განათლებას შორის. სკოლა არის ზოგადი განათლების მიღების ადგილი. ხანდახან ხდება ხოლმე (ადრეც ხდებოდა), რომ სტანდარტში შემოტანილი იყო უმაღლესი განათლების ელემენტები, რაც საქმეს ართულებდა და რიგ შემთხვევაში, შეუძლებელიც იყო ამის მიღწევა. ბევრჯერ მიხსენებია ეს მაგალითი: წლების წინ, მუსიკის სტანდარტში ეწერა, რომ „მე-11 კლასის ბოლოს მოსწავლეს უნდა შეეძლოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორობა“, რაც რეალობასთან სასაცილოდ შეუთავსებელია. ყველაფერი გაცილებით ადეკვატურად და მკაფიოდ აღსაქმელად უნდა ეწეროს. ლიტერატურის სტანდარტს თუ ვახსენებთ, ერთ-ერთი პირველი კითხვა, რაც ჩვენ ერთმანეთს დავუსვით, იყო ასეთი: ვინ გვინდა აღვზარდოთ სკოლებში ამ სტანდარტის ფარგლებში?! ზოგადი განათლების დონეზე ჩვენი ამოცანა არ არის ლიტერატურისმცოდნის აღზრდა, ეს არის უნივერსიტეტის საქმე. ჩვენი ამოცანაა, კარგი მკითხველის აღზრდა სკოლაში! „კარგი მკითხველი“ ნიშნავს, რომ ესმოდეს რასაც კითხულობს, ადეკვატურად იაზრებდეს და შეეძლოს მიღებული ცოდნის გამოყენება ახალი ცოდნის კონსტრუირებისას. ქართულის ჯგუფში ასევე ვსაუბრობთ შემდეგ თემებზე: 1. ენისა და ლიტერატურის სწავლება ინტეგრირებული უნდა იყოს თუ ცალ-ცალკე? ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია თავის დროზე ინტეგრირებული მოდელის შემოტანამ. ინტეგრირებულ სწავლებას სჭირდება მასწავლებლის საკმაოდ მაღალი კომპეტენცია, რაც ხშირად პრობლემად გვიჩანს ხოლმე. ბევრი მასწავლებელი (მშობელიც და მთლიანად საზოგადოებაც) ფიქრობს ძალიან დაზიანდა ქართული ენის სწავლება სკოლებში და ეს შეეტყოთ ბავშვებს, მათ წერით და ზეპირ მეტყველებას. ძალიან დიდი მოთხოვნაა, რომ ენა და ლიტერატურა ცალ-ცალკე ისწავლებოდეს. ამ ჯგუფში აზრი გაყოფილია. მე ვერ ვიტყვი, რომ ინტეგრირებული სწავლება, ზოგადად, არ ვარგა და მისი გამოყენება პრობლემას ქმნის, მაგრამ ამ მეთოდის სრულფასოვან გამოყენებას საკმაოდ მაღალი პედაგოგიკური კულტურა სჭირდება. პირადად ჩემი აზრია, რომ ცალ-ცალკე ისწავლებოდეს. ჩამოყალიბებული პიროვნება ზეპირადაც გამართულად უნდა მეტყველებდეს და წერითაც შეეძლოს დალაგებულად, გასაგებად, მკაფიოდ აზრის გადმოცემა. 2. რა ტექსტები უნდა ისწავლებოდეს ლიტერატურის სწავლების დროს? ჩვენი მწერლები რომ უნდა ვასწავლოთ, რის გარეშეც ქართველად ვერ გაიზრდები, „ვეფხისტყაოსანი“ თუ „დავითიანი“, ილია, ვაჟა თუ გალაკტიონი, ეს გასაგებია. უნდა ისწავლებოდეს თუ არა მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებიც? შეიძლება ადამიანს ვუწოდოთ „ზოგადად განათლებული“, რომელიც 12 წელიწადი სწავლობს სკოლაში, ამთავრებს, იღებს ატესტატს და წარმოდგენა არ აქვს იმ მწერლებზე, რომლებსაც მთელი სამყარო აღიარებს?! ეს რა „ზოგადი განათლებაა“? ვფიქრობთ, რომ რაღაც ელემენტები აუცილებლად უნდა იყოს შემოტანილი, რომ მსოფლიო მწერლობა განზე არ დარჩეს - ქართულ მწერლობას ვერც შეისწავლი მსოფლიო კონტექსტის გარეშე.

- საბაზო საფეხურისა და მაღალი კლასის მოსწავლეები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიას, იმასთან დაკავშირებით, რა საჭიროა თანამედროვე ეპოქაში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების ამ მასშტაბით სწავლება. ახალ სტანდარტს, რომელზეც მუშაობთ, თუ აქვს ამ მოსაზრებაზე პასუხი გაცემული?

- ქართულის ჯგუფში საუბრის კიდევ ერთი თემაა, უნდა იყოს თუ არა აქცენტი გაკეთებული თანამედროვე ლიტერატურაზე. თქვენი კითხვის პასუხიც ესაა. დიდი ხნის განმავლობაში ვიაზრებდი შედარებით პედაგოგიკას, ე.წ. კომპარატივისტიკას. ეს დისციპლინა სწავლობს იმას, ამა თუ იმ საგანმანათლებლო პრობლემას როგორ განიხილავს, აფასებს და წყვეტს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანა. ერთნაირად არასდროს არაფერი წყდება. ბოლო ათწლეულებში ბევრგან აქცენტი არის გადატანილი თანამედროვე ლიტერატურის სწავლებაზე. თუ ჩვენს შვილებს ვზრდით 21-ე საუკუნისთვის, მათ უნდა გაიაზრონ, რა არის თანამედროვე ადამიანის მისწრაფებები, პრობლემები, განწყობები, იმედები, ოცნებები, მთავარი საფიქრალი. ამას ყველაფერს სრულფასოვნად თანამედროვე ლიტერატურა გამოხატავს. ბერძნები ორ ჰაგიოგრაფიულ ტექსტზე მეტს არ ასწავლიან. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პატივს არ მიაგებენ ჰაგიოგრაფიას? არ ნიშნავს! ჩვენ, ქართველებმა, ქრისტიანობაც და ჰაგიოგრაფიაც ბერძნებისგან ვისწავლეთ. ამწუთას სამ ჰაგიოგრაფიულ ტექსტს ვასწავლით, სამივე ძალიან მეძვირფასება, მაგრამ როგორც კი დადგება ხოლმე საკითხი, რაღაცას შეველიოთ და მიმოხილვის წესით ვასწავლოთ, იმწუთას იწყება საუბარი, რომ წარსულ კულტურას პატივს არ სცემენ და ა.შ. რაც რეალობას არაფრით უკავშირდება. მაგალითად ფრანგები, რომლებსაც მე-19 საუკუნის ბრწყინვალე ლიტერატურა აქვთ, ამ საინტერესო ეპოქის ერთ-ორ ნიმუშს ასწავლიან, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მათ სკოლის სპეციფიკა ესმით და ისიც ესმით, სკოლა რა ამოცანებს წყვეტს. სკოლაში ყველაფერი კი არ უნდა ასწავლო, უნდა ასწავლო იმდენი, რაც ბავშვის განვითარებისთვისაა საჭირო. ყველაფრის სწავლება შეუძლებელია და მიუღწეველ ამოცანას ისახავს.

- ანუ ზოგადი განათლების სტანდარტის შემუშავების პროცესში საუბარია იმაზეც, რომ შესაძლებელია ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები ზედაპირულად ან საერთოდ არ ისწავლებოდეს?

- ჩვენ, ჯერჯერობით, ვსაზღვრავთ ჩვენი მოქმედების ველს, სივრცეს. მათ შორის, ეს ვერსიაც ძალიან აქტიურად განიხილება - არა, საზოგადოდ, „გაუქმების“, არამედ - შესატყვისი მოცულობითა და შესაფერისი მეთოდოლოგიით სწავლების. კიდევ ერთი კითხვა, რასაც ჩვენ ვუსვამთ მუშაობის პროცესში ერთმანეთს: საჭიროა თუ არა ლიტერატურის კურსში ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი კულტურული ფენომენების გათვალისწინება, როგორიცაა ბიბლია და მითოსი. რა თქმა უნდა, ბიბლიაც უნდა ასწავლო, როგორც ლიტერატურული ტექსტი და მითოსიც. სამყაროში მათი ხედვები (სამყაროზე, ადამიანებზე, ურთიერთობებზე, სიყვარულზე, ბედნიერებაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე...) ბევრჯერ შეხვდებათ ჩვენს მოსწავლეებს ლიტერატურულ ტექსტებში, ხელოვნების ნიმუშებში, რომლებიც ბიბლიურ თუ მითოსურ თემებზეა აგებული. ამ ტიპის ცოდნა არის განათლებული ადამიანის მახასიათებელი. არ ვამბობ, რომ მთელი ბიბლია უნდა ასწავლო, მაგრამ ცალკეული ნიმუშის სწავლება შეიძლება. ვსაუბრობ გარკვეული ელემენტების დამკვიდრებაზე სკოლაში. მთლიანად ბიბლიის სწავლება სკოლაში შეუძლებელია, ცალკეული ნიმუშების სწავლება კი შესაძლებელი.

- ზოგად განათლებასა და უმაღლეს განათლებას შორის ზღვარი ახსენეთ. როგორია პირველადი ვერსია, როგორ უნდა მოამზადოს სკოლამ მესამე საფეხურზე, მე-10-მე-12 კლასებში მყოფი მოსწავლე უმაღლესი განათლებისთვის?

- სკოლის მესამე საფეხურზე, შესაძლოა, შემოვიდეს პროფილური განათლება. რაღაც მიმართულებით სწავლობთ სტანდარტულად, რაღაც მიმართულებით შეგიძლიათ გაღრმავებულად ისწავლოთ. მაგალითად: ვისაც აინტერესებს საბუნებისმეტყველო საგნები, შედარებით ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს ჰუმანიტარულ საგნებს, მაგრამ ზოგადი განათლების პრინციპი მოითხოვს, რომ ამ ტიპის განათლებაც ჰქონდეს. აქ შედარებით დაბალი მოთხოვნების სტანდარტი შეიძლება დაიდოს, გაღრმავებული სწავლების დროს ეს სტანდარტი უფრო მეტს მოითხოვს. ცალკეულ სკოლაში ამის მაგალითები გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად სისტემაზე. სკოლაში არის 3 საფეხური: 1. დაწყებითი (პირველი-მეექვსე კლასები), 2. საბაზისო (მეშვიდე-მეცხრე კლასები) და 3. სრული საშუალო (მეათე-მეთორმეტე კლასები). შესაძლოა, მესამე საფეხურზე ორი სტანდარტი (ჩვეულებრივი და გაღრმავებული) დაგვჭირდეს, ამაზეც მიდის საუბარი. პროფილური განათლება დღის წესრიგში დგას სერიოზულად. საორიენტაციოდ (ტრადიციულად ასე იყო), იქნება სამი ძირითადი პროფილი: საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და მათემატიკური (თუმცა, სკოლის ორგანიზაციული. ინფრასტრუქტურული და საკადრო შესაძლებლობის კვალობაზე, ალბათ, არც სხვა პროფილები უნდა შეიზღუდოს ). თუ მე ჰუმანიტარულზე ვსწავლობ, გაძლიერებულად ვისწავლი ლიტერატურას, ისტორიას, ხელოვნებას, შეიძლება ფილოსოფიას, სხვა საგნებსაც ვისწავლი, მაგრამ ნაკლები მოთხოვნით (ანუ - „ჩვეულებრივი“ სტანდარტით). პირველ ეტაპზე, სადღაც 50 სკოლამდეა, რომლებშიც საპილოტე რეჟიმში „მოითელება“ შესაბამისი პროგრამები. ამ სისტემის პილოტირება შესაძლოა, ახალი სასწავლო წლიდან დაიწყოს. ასევე, ახალი სტანდარტების შემოღება რამდენიმე მთავარ მოთხოვნას აყენებს სხვა მიმართულებებითაც. ესაა, უწინარეს ყოვლისა, სახელმძღვანელოები - როდესაც იცვლება სტანდარტი, ცხადია, იცვლება პროგრამაც და შესაბამისად, სახელმძღვანელოებიც. ბუნებრივია, ახალ მოთხოვნათა კვალობაზე, ისინი ყველა კლასში უნდა შეიცვალოს. ახალი სტანდარტი სახელმძღვანელოების მიმართულებით, დამხმარე რესურსების მიმართულებით, სწავლების მეთოდიკის მიმართულებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით, საუნივერსიტეტო მომზადების პროგრამის მიმართულებით ახალ ამოცანებს აჩენს. ამავდროულად, უნივერსიტეტებმა მასწავლებლების მომზადების დროს ეს ახალი სტანდარტები უნდა გაითვალისწინონ და მოსამზადებელ პროგრამებში ასახონ. თქვენ ახლა ახალი სტანდარტი მისცეთ, ახალი სახელმძღვანელოები და მასწავლებლები კი ძველებური მიდგომით მოემზადონ, არასწორია. ეს, ასევე, გულისხმობს ცვლილებებს სკოლის მართვასა და მონიტორინგში. დირექტორმა უნდა იცოდეს, თანამედროვე სტანდარტები რომ შევიდა სკოლაში, როგორ მართოს და შეაფასოს ეს სამუშაო. ამიტომ არის ეს გრანდიოზული პროცესი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივ დროს მოიცავს და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ ამ გზაზე. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს სახელმძღვანელოებში ძალიან იშვიათია აღმოსავლური კულტურისა და ლიტერატურის სწავლება, რომელიც დასავლურზე არანაკლებად მდიდარია. გული დაგვწყდება თუ ბავშვები ისე დაამთავრებენ სკოლას, ერთხელაც არ მოისმენენ სპარსულ პოეზიას, იაპონურ ან ჩინურ პოეზიას, პროზას, არაბული ლიტერატურის ნიმუშებს. ჩვენმა ბავშვებმა უნივერსალური განათლება უნდა მიიღონ. რა თქმა უნდა, სტანდარტს ის მნიშვნელობაც აქვს, რომ ის უნდა გაითვალისწინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC), როცა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ტესტებს და დავალებებს ადგენს. ხანდახან ეს ერთმანეთს შორდებოდა ხოლმე - რას ასწავლიდა სკოლა და რას ითხოვდნენ გამოცდებზე.

- ერთიანი ეროვნული გამოცდები ახსენეთ, იყო საუბარი, რომ ის ჩახსნილიყო იმ ფორმით, რა ფორმითაც არის და ერთიანი ეროვნული გამოცდების პრინციპი სკოლასვე განეხორციელებინა...

- გიდასტურებთ, რომ ასეთი მიდგომა (ახლებურად იყოს გააზრებული სკოლიდან აბიტურიენტის უმაღლესში გადასვლა) არის. მაგალითისთვის: თუ დღეს მოსწავლე სწავლის გაგრძელებას დასავლურ უნივერსიტეტში გადაწყვეტს, იქ აუცილებლად მოსთხოვენ სკოლაში ბოლო ოთხი წლის შედეგებს - მე-9-მე-12 კლასის ქულებს. ჩვენთან უმაღლეს სასწავლებელს ნაკლებად (ან - საერთოდ არ) აინტერესებს სკოლაში რა გააკეთე, რაც არის წყვეტა და ცუდი. კანონში გვიწერია, რომ გვაქვს განათლების უწყვეტი სისტემა. რისი უწყვეტი სისტემაა, როცა უნივერსიტეტს არ აინტერესებს, სკოლაში რა ქენი, რა შედეგს მიაღწიე, მაშინ, როცა, დასავლურ უნივერსიტეტებს აინტერესებთ, რა სოციალურ პროექტებში იღებდით მონაწილეობას, რა ადამიანი იყავით, როგორი მოქალაქე, რა საგანმანათლებლო პროექტებში იყავით ჩართული, რა ინტერესები გქონდათ, თქვენი ზოგადი ნიშანიც აინტერესებთ. უმაღლესი განათლების სისტემაში ჩარიცხვა უნდა იყოს დაკავშირებული რამდენიმე არსებით კომპონენტთან. ამაზე საუბარი მიდის და როგორ სახეს შეიძენს ყველა ერთად ვნახავთ. საორიენტაციოდ ეს შეიძლება დაინერგოს 2027 წლიდან, თუ ამ ლოგიკას გავყვებით.

- ანუ ერთიანი ეროვნული გამოცდების სტრუქტურა არსებითად იცვლება?

- სკოლიდან უმაღლეს სკოლაში გადასვლის რა საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკაც არსებობს და წარმატებული პრაქტიკაა, საქართველოც ამის მიღმა არ უნდა რჩებოდეს. ვერსია ასე გამოიყურება: 1. მე-12 კლასში მოსწავლეები ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდას, ამას ჩაატარებს NAEC. ოღონდ ეს არ იქნება ე.წ. CAT-ის ტიპის გამოცდა. იქნება ეს ყველა საგანში თუ როგორ, ამაზე პასუხებს, ალბათ, მალევე შევიტყობთ. ერთი კომპონენტი იქნება ეს შედეგი, რას მიაღწიეთ ეროვნული შეფასების დროს. 2. მოსწავლის საშუალო ნიშანი, რომელიც ალბათ ბოლო რამდენიმე კლასს მოიცავს. 3. სახელმწიფო გამოცდა, რომელიც უმაღლესში მოსახვედრად ბარდება. საორიენტაციოდ, ეს იმ ტიპის გამოცდაა, როგორიცაა SAT. ეს ყველაფერი, ჯერჯერობით არის ვერსიის დონეზე. 4. თავად უნივერსიტეტი რასაც შესთავაზებს. ეს უფრო ობიექტური სისტემა იქნება შერჩევის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ახლანდელი მოდელით, მითითებული რომ გაქვთ რაღაც ფაკულტეტები, შეიძლება იქ მოხვდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა ქულებმა მოგცეთ. მოკლედ, ახლა მუშაობა მიდის ამ იდეის გადაწყვეტაზე.

- თქვენ თქვით, რომ სკოლის მართვა და მონიტორინგი არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, პედაგოგების კვალიფიკაციასა და ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად. ძალიან ბევრ სკოლაში დირექტორები არ არიან დანიშნულები და სადაც არიან არჩეულები, იქაც ბევრი კითხვის ნიშანია მათ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. როდის შეივსება დირექტორების ვაკანსიები სკოლებში? და ამ მიმართულებითაც სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებზეც ხომ არ მუშაობთ?

- ზუსტად ვიცი, რომ, უახლოეს პერიოდში, ეს კონკურსი გამოცხადდება. არ მგონია, რომ მარტის თვეს გადასცდეს.

- სკოლის სახელმძღვანელოებზეც მინდა გკითხოთ/ ძალიან ბევრი მშობელი ჩივის იმის გამო, რომ სკოლის სახელმძღვანელოებში არათუ სტილისტური შეცდომები, არამედ ძალიან ბევრი ფაქტობრივი შეცდომაცაა. მოსწავლეს აწვდიან არასწორ ინფორმაციას. ეს არის ის სახელმძღვანელოები, რომლებიც ცოტა ხნის წინაა გრიფირებული. კიდევ გვესმის, რომ სახელმძღვანელოებია შესაცვლელი. ცხადია, პროგრამის ცვლილება სახელმძღვანელოების ცვლილებასაც გულისხმობს, თუმცა, ამის გარდა, რა მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ის სახელმძღვანელოები, რომელიც ახალი სტანდარტის მიხედვით დაიწერება, იქნება გამართული, უშეცდომო და სრულყოფილი?

- დანერგვის პროცესი არის ყველაფრის თავი და თავი. ქაღალდზე შეგვიძლია რეფორმის იდეალური ტექსტი დავწეროთ, ეს თუ არ განხორციელდა... მართალია ის ამბავი, რომ ჩვენ ყველა მიმართულებით კარგად არ გვაქვს საქმე, სახელმძღვანელოებს ვგულისხმობ. ცხადია, ამ პრობლემებს ვხედავთ. მხოლოდ დანახვა არ შველის, უნდა გამოსწორდეს! როგორ შეიძლება გამოსწორება? ამას სჭირდება, ალბათ, უფრო მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობის გაჩენა. სჭირდება გრიფირების უფრო მართებული მოდელის შექმნა.

- ერთია იყოს სურვილი და მეორე, არიან შესაბამისი ადამიანები, ვინც სახელმძღვანელოებს თავიდან დაწერენ? იმავე ავტორებს შესაძლოა ჰქონდეთ ცდუნება საკუთარი წიგნები, ასე ვთქვათ, გადაწერონ, მცირე ცვლილებით...

- არის მიმართულებები, სადაც შეიძლება სახელმძღვანელოები დაიწეროს. პირადად ჩემი აზრია, არ გამოვრიცხავდი გარკვეული სახელმძღვანელოების თარგმნასაც. საბუნებისმეტყველო საგნებში შესანიშნავი სახელმძღვანელოებია შექმნილი, მისი ადაპტირებისა და თარგმნის შესაძლებლობა არ უნდა გამოვრიცხოთ. თუმცა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაცაა. საუბარი არის ყველაფერზე, მათ შორის ამ ვერსიაზეც. ჩვენ არ ვუყურებთ ამ საქმეს ისე, რომ რაღაცამ თუ კარგად იმუშავა იქ, მექანიკურად გადმოვიტანოთ აქ, რაც ხანდახან ხდებოდა. იმპლემენტაციის დონეზე ყველაფრის წახდენა შეიძლება და გადაწყვეტილებათა მიღებისას, რაკი საქმე სკოლასა და უამრავ ადამიანს ეხება, სიფრთხილეც საჭიროა.

- 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე 9 თვეა დარჩენილი. რამდენად ლოგიკურია, რომ ამ 9 თვეში შეიცვალოს სტანდარტი, ახალი სტანდარტის მიხედვით დაიწეროს ახალი სახელმძღვანელოები, გადამზადდნენ პედაგოგები? რამდენად საკმარისია ეს 9 თვე ამისთვის?

- „ეკლესიასტეში“ წერია, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. „არის დრო ქვათა შეკრების და არის დრო ქვათა სროლის“. „ქვათა შეკრების დრო“ არის მომზადების დრო და „ქვათა სროლის დრო“ არის მოქმედებაზე გადასვლის დრო. ჩვენ, სარეფორმო ჯგუფს მინისტრის ხელმძღვანელობით ძირითადი ხედვები უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს (ამ პროცესში, ცხადია, უფრო მეტი ადამიანიც იყო ჩართული - პირადად მინისტრს ჰქონდა მუდმივი შეხვედრები და კომუნიკაცია სასკოლო საზოგადოებასთან). ზოგადი სურათი ნათელია, ახლა ამას სჭირდება მეთოდოლოგიური და ორგანიზაციული თვალსაზრისით უზრუნველყოფა. რესურსცენტრების ფუნქციის გაზრდაზეც არის საუბარი. ჯერ შეიქმნება სტანდარტი, დაინერგება სკოლებში, შემდეგ ამ სტანდარტის მიხედვით შეიქმნება პროგრამა და სახელმძღვანელო. რომ შევაჯამოთ: სტანდარტს შევქმნით, მარტის თვეში უნდა დავასრულოთ ამ სტანდარტებზე მუშაობა, შემდეგ უნდა გავაცნოთ საზოგადოებას, შევხვდებით მასწავლებლებს. ამის შემდეგ ის საბოლოო სახეს შეიძენს და დამტკიცდება. როგორც კი დამტკიცდება, შეგვიძლია გამოვაცხადოთ კონკურსი სახელმძღვანელოებზე. ჩვენი სურვილია, რომ ამ ახალ ხედვებს სკოლაში დახვდნენ ის მასწავლებლები, რომლებიც ამ ახლებური ამოცანების კარგად გადაწყვეტას შეძლებენ, თუმცა ეს მარტივი ან ხანმოკლე პროცესი არ და ვერ იქნება. რომ დააკვირდეთ მასწავლებლების საშუალო ასაკს, 52-53 წელია. მართალია, წლების წინ, საპენსიო ასაკის პედაგოგები სისტემიდან გავიდნენ, მაგრამ ბევრი მათგანი კვლავ დაბრუნდა უკან, იმიტომ, რომ სკოლებმა ვერ იპოვეს შემცვლელები. თავიდანვე იყო გათვალისწინებული, თუ კადრი გყავს, მიიღებ, მაგრამ სანამ იპოვი ამ კადრს, გყავდეს ძველი. მაინცდამაინც დიდი შედეგი ამან არ გამოიღო. 5-6 წელიწადში ჩვენ შეიძლება სერიოზული დეფიციტი გვქონდეს მთელი რიგი მიმართულებით. მასწავლებელთა მომზადების არსებული მასშტაბი, როგორც ჩანს, ჩვენი სრული საჭიროებისთვის საკმარისი არ არის. ვიწყებ ლობირებას იმ აზრის, რომ საქართველოს შეიძლება სჭირდებოდეს პედაგოგიკური უნივერსიტეტი - ამაზე სერიოზული დაფიქრება გვმართებს.

ქეთი გიგოლაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

სტეპან გრიგორიანი - უახლოეს 2-3 თვეში არსებობს იმის შანსი, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატებისთვის გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
კახა ოქრიაშვილი - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს
კახა ოქრიაშვილი - 2016 წელს 2 მილიონი „ოცნებას“ გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?