პაველ ჰერჩინსკი - იმედი მაქვს, საქართველოში თანაბარი საარჩევნო გარემო იქნება და ძალადობას ადგილი არ ექნება - მიმდინარეობს განხილვა, როგორ არის შესაძლებელი ევროკავშირმა არჩევნებზე დაკვირვებაში მონაწილეობა მიიღოს

ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს არა მხოლოდ თავად არჩევნებს, არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„როგორც ყველამ ნახეთ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია ევროპული კომისიის მიერ დადგენილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი 9 ნაბიჯიდან, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელზე დაკვირვებაც ძალიან ყურადღებით მოხდება. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე აიღო ვალდებულება OSCE/ODIR-ს სთხოვოს გრძელვადიანი დაკვირვება და ვიცი, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს ამას. ეუთო-ს წევრი ქვეყნების შემთხვევაში ეუთო არის პასუხისმგებელი გრძელვადიან დაკვირვებაზე, მაგრამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუკი და როგორ არის შესაძლებელი ევროკავშირმა ასევე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებზე გრძელვადიან დაკვირვებაში“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, საქართველოში თანაბარი საარჩევნო გარემო იქნება და ძალადობას ადგილი არ ექნება.

„კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს არა მხოლოდ თავად არჩევნებს, არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას. გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ იქნება თანაბარი საარჩევნო გარემო და ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ წარადგინონ თავიანთი პროგრამები და უპირველეს ყოვლისა, არ იქნება ძალადობა, რადგან ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში“, - აღნიშნა ელჩმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს