ძალიან რთული წელი გვქონდა, სერიოზული გამოწვევები და საფრთხეები იყო. უამრავი განცხადება შეგვიძლია მოვიტანოთ იმ რადიკალების, რასაც აკეთებდნენ - ამ ერთიანობით და სულისკვეთებით დარწმუნებული ვარ მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და საფრთხეებსაც ავარიდებთ ქვეყანას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გუნდი ერთიანია.
„ძალიან რთული წელი გვქონდა, სერიოზული გამოწვევები და საფრთხეები იყო. უამრავი განცხადება შეგვიძლია მოვიტანოთ იმ რადიკალების, რასაც აკეთებდნენ, თუნდაც გარედან რა განცხადებებიც კეთდებოდა. ეს საფრთხეები დღესაც არსებობს, არსად წასულა. ამ ერთიანობით და სულისკვეთებით დარწმუნებული ვარ მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და საფრთხეებსაც ავარიდებთ ქვეყანას“,- აღნიშნა კალაძემ.
როგორც მან განმარტა, პარტია ყველანაირად გამართულია.
„ცვლილებები პირველი შემთხვევა არ არის რაც ხელისუფლებაში ვართ, ალბათ მომავალშიც იქნება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ რა თანამდებობაზე იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანია, სადაც არ უნდა ვიყოთ, შეიძლება პოლიტიკა იყოს, ბიზნესი, სპორტი და ასე შემდეგ, უნდა ვემსახუროთ სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უნდა ვატარებდეთ. ეს არის ჩვენი გუნდის სიძლიერე. ისეთი მხარდაჭერა, როგორიც დღეს აქვს პარტიას არ ჰქონდა 2012 წლის შემდეგ. ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს“, - აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, განმარტა, რომ პარტიას უკვე დაწყებული აქვს მომზადება 2024 წლის არჩევნებისთვის.
„მინდა ღარიბაშვილს წარმატებები ვუსურვო. პარტიას უკვე დაწყებული აქვს მომზადება 2024 წლის არჩევნებისთვის. ყველაფერი იქნება გაკეთებული იმისთვის, რომ გუნდმა მიაღწიოს წარმატებას. ამ ყველაფერში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების როლი უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებული ვარ, იმ მხარდაჭერით და თანადგომით, რაც აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“ რეალურად შეუძლია კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ასევე კობახიძე წარდგენილია პრემიერის რანგში, მინდა მას გუნდთან ერთად წარმატება ვუსურვო. მნიშვნელოვანი წელი გველოდება. ის სირთულეები და გამოწვევები, რაც იყო არსად წასულა, დღესაც არსებობს საფრთხეები, ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“,- აღნიშნა კალაძემ.