„საქართველოს ბანკი“ - BOGG PLC სომხეთის ნომერ პირველ ბანკს ყიდულობს

BOGG PLC-იმ სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის, „ამერიაბანკის“ აქციების 100%-ის შესყიდვის შესახებ განაცხადა - ტრანზაქციის მოცულობა 303,6 მილიონი აშშ დოლარია,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეთანხმებამ საბოლოო დადასტურებამდე რეგულატორული პროცედურები უნდა გაიაროს, რის შემდეგაც „ამერიაბანკი“ ოპერირებას არსებულ მენეჯმენტთან ერთად გააგრძელებს როგორც ჯგუფში შემავალი, დამოუკიდებელი შვილობილი კომპანია და შეინარჩუნებს საკუთარ ბრენდსა და კორპორატიულ იდენტობას.

ინფორმაციის თანახმად, ტრანზაქცია BOGG PLC-ის მისცემს შესაძლებლობას, გაზარდოს მასშტაბები და გეოგრაფიული არეალი მეზობელ, სწრაფად მზარდ ეკონომიკაში შესვლის გზით. „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის ექსპერტიზა „ამერიაბანკის“ არსებულ, გამოცდილ მენეჯმენტის გუნდს დაეხმარება ბანკის განვითარებისთვის დასახულ მიზნებს კიდევ უფრო სწრაფად მიაღწიოს.

ბანკის განმარტებით, „ამერიაბანკი“ მრავალფეროვანი არხების და ციფრული პლატფორმების საშუალებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. ის ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტია სომხეთში. წამყვან პოზიციასთან ერთად, „ამერიაბანკს“ აქვს მაღალი პოტენციალი კიდევ უფრო სწრაფი განვითარებისა და ზრდის, განსაკუთრებით საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესების მიმართულებით.

„დღეს ჩვენ სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის აქციების 100%-ის შესყიდვის შესახებ განვაცხადეთ. „ამერიაბანკი“ ნომერ პირველი ბანკია მომხმარებლებს შორის ნდობითა და ცნობადობით. „საქართველოს ბანკის“ ჯგუფი „ამერიაბანკს“ ქართულ ბაზარზე უკვე მიღწეული წარმატების გაზიარებით გააძლიერებს. მსურს მადლობა გადავუხადო „ამერიაბანკის“ გუნდს საკმაოდ დატვირთულ სამუშაო რეჟიმში თანამშრომლობისთვის. მოუთმენლად ველი მათთან მუშაობას“, - განაცხადა Bank of Georgia Group PLC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა