NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს პრიორიტეტულ სამოქმედო მიმართულებებს სთავაზობს

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გააჩნია ტექნიკური კომპეტენცია, ცესკოს მიმართ საზოგადოების ნდობას აზიანებს მისი შემადგენლობისა და კომისიის წევრების არჩევის შესახებ კონსენსუსის ნაკლებობა,- ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ახალ ტექნოლოგიებზე ინფორმაციის ნაკლებობა და ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ გამოთქმული ეჭვები გარკვეულ კითხვებს ბადებს.

„წინა არჩევნების მსგავსად, გავრცელებულია შეხედულება, რომ ხელისუფლებამ, არჩევნებში უპირატესობის მოსაპოვებლად, შესაძლოა, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს. აღნიშნულ მოლოდინს ამძაფრებს საქართველოს პროკურატურაში წარსულში წარდგენილი ბრალდებების ირგვლივ კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის ნაკლებობა და არჩევნებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლის ირგვლივ არსებული ბუნდოვანება.

ძირითადი სამაუწყებლო მედია საშუალებების სარედაქციო პოლიტიკა პარტიულ ინტერესებს ასახავს. თუ არ ჩავთვლით ონლაინ მედია საშუალებებს, სამაუწყებლო სივრცე პარტიებს შორის შინაარსიანი დისკუსიებისთვის შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გააჩნია ტექნიკური კომპეტენცია, ცესკოს მიმართ საზოგადოების ნდობას აზიანებს მისი შემადგენლობისა და კომისიის წევრების არჩევის შესახებ კონსენსუსის ნაკლებობა.

საქართველოს მოსახლეობა არჩევნების დღეს ტექნოლოგიების გამოყენებას მიესალმება, თუმცა ახალ ტექნოლოგიებზე ინფორმაციის ნაკლებობა და ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ გამოთქმული ეჭვები გარკვეულ კითხვებს ბადებს. 5%-იანი საარჩევნო ბარიერი და საარჩევნო ბლოკების აკრძალვა პლურალიზმის შემცირებისა და, შედეგად, ნაკლებად წარმომადგენლობითი პარლამენტის მიღების რისკებს შეიცავს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საკმაო დროა დარჩენილი იმისთვის, რომ თავისუფალი საარჩევნო გარემო შეიქმნას და 2024 წლის არჩევნები საქართველოს დემოკრატიის გზაზე წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდეს“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, დელეგაცია ჩართულ მხარეებს შემდეგ პრიორიტეტულ სამოქმედო მიმართულებებს სთავაზობს, ესენია:

- პოლიტიკურ პოლარიზაციასთან საბრძოლველად, საარჩევნო პროცესებში ჩართულმა ყველა მხარემ საჯაროდ ცნოს სხვა აქტორების, მათ შორის განსხვავებული ხედვების მქონე მხარეთა, ლეგიტიმურობა და პროაქტიულად აღიაროს, რომ დემოკრატიული არჩევნების არსი განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა პატივისცემაა. ამასთანავე, შეწყდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ მტრული რიტორიკა და მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობები.

- საარჩევნო პროცესებში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურებმა, დაგმონ ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი თავდასხმები, რათა არჩევნებში ყველა მოქალაქის თავისუფალი მონაწილეობა უზრუნველყონ. საარჩევნო პროცესებში ჩართულმა მხარეებმა საჯაროდ აღიარონ, რომ სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციები სანდო საარჩევნო პროცესებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და მათ მიერ მომზადებული ანგარიშები, მიგნებები დარეკომენდაციები არჩევნების სანდოობის ხელშეწყობას ემსახურება.

- პოლიტიკურმა პარტიებმა, ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ ჟურნალისტების და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, განსაკუთრებით ლგბტქი+ თემის, წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენის გამოყენებისგან ან გაშუქებისგან და ქალ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე მიზოგინიური თავდასხმებისგან.

- შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს მისი როლის გამჭვირვალობა; აგრეთვე, კენჭისყრის ფარულობისადმი ნდობის გაძლიერების მიზნით, უპასუხოს სამინისტროს საქმიანობის ირგვლივ არსებულ ეჭვებს.

- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კერძო მედია საშუალებებმა საკუთარ პროგრამებში ჩართონ პოლიტიკური პარტიების მრავალფეროვანი სპექტრი. ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს, რომ ჩაერთვებიან როგორც თანამოაზრე, ისე განსხვავებული პოზიციების მქონე მედიის გადაცემებში და მონაწილეობას მიიღებენ კანდიდატებს შორის გამართულ დებატებში.

- ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააძლიეროს კენჭისყრის ფარულობის შესახებ ეჭვების დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევა; იმუშაოს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ამომრჩეველთა ინფორმირების გზით, დაარწმუნოს მოსახლეობა, მათ შორის ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფები, რომ მათი ხმის ფარულობა დაცულია.

- სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილოს არჩევნების ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბის ტესტირება, რომელიც გაიმართება არჩევნების დღისთვის დამახასიათებელ პირობებში, რათა კიდევ უფრო გაზარდოს საზოგადოების ნდობა.

- ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა, ამ ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული პირობებისა და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო მასალების შემუშავებით. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმართოს საზღვარგარეთ უბნების შექმნის უფრო გამჭვირვალე პროცესი და, სადაც შესაძლებელია, უზრუნველყოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პასიური საარჩევნო უფლების რეალიზება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებისთვის თავისუფალი გარემოს შექმნა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ხოლო არჩევნების ჩატარება, კონსტიტუციის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მანდატია, საბოლოოდ, ქვეყნის დემოკრატიული ნორმებისადმი ერთგულების დემონსტრირება, ამომრჩეველთა ინფორმირება და წინასაარჩევნო პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა არჩევნებში ჩართული ყველა მხარის, მათ შორის ყველა პოლიტიკური პარტიის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის პასუხისმგებლობაც არის.

ანგარიში მომზადებულია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ, რომელიც საქართველოს 19-25 თებერვალს, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სტუმრობდა. აღნიშნული არჩევნები არის საქართველოსთვის პირველი არჩევნები ევროკავშირის წევრობი კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ; ამასთანავე, პირველად გაიმართება არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით, რომელიც საპარლამენტო მანდატების პროპორციული წარმომადგენლობით გადანაწილებასა და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას გულისხმობს. არჩევნების დღეს, ასევე ფართოდ იქნება გამოყენებული ახალი ტექნოლოგიები. დელეგაცია მიზნად ისახავდა საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანაში არსებული ზოგადი პოლიტიკური გარემოს მიუკერძოებელ და ზუსტ შეფასებას, მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესების მიმოხილვას, აგრეთვე უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საარჩევნო პროცესების ხელშესაწყობად რეკომენდაციების შემუშავებასა და საქართველოში სანდო არჩევნებისა და დემოკრატიული მმართველობისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებას.

დელეგაციის წევრები იყვნენ: ან ლინდე, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მაიკლ პოზნერი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; დენიელ გოტფრიდი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი; ევა ბუშა, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ევრაზიის რეგიონული დირექტორი; და რიჩარდ კლაინი, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) არჩევნების პროგრამების დირექტორი.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება