პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ინიციატივას, რომელიც მმართველი პარტიის განმარტებით, საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“, ბოდვას უწოდებს და აღნიშნავს, რომ საფრთხეებს მმართველი ძალა თავად იგონებს, „როგორც მოიგონა თემა მეორე ფრონტთან დაკავშირებით“.
როგორც ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში განმარტა, საქართველოში ამ თემის აქტუალიზაცია ემსახურება მემარჯვენე, ულტრამემარჯვენე, კონსერვატიული ღირებულებების მატარებელი მოსახლეობის ხმების მობილიზებას არჩევნებისთვის.
„ეს არის ბოდვა, ისეთივე ბოდვა, როგორიც იყოს ის, რომ ვიღაც ომში გვრთავდა - აბსოლუტურად არაფერი საერთო ამას რეალობასთან არ აქვს, აშკარად არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, რადგან უნდათ მემარჯვენე, ულტრამემარჯვენე, კონსერვატიული ღირებულებების მატარებელი მოსახლეობის თავის მხარეს გადმოყვანა. იმიტომ, რომ კარგად იციან, რომ პროევროპული, პროდემოკრატიული ამომრჩეველი არ აძლევს ხმას „ქართულ ოცნებას“ ან მინიმალურ დონეზე აძლევს. არავითარი საფრთხე არ არსებობს, ვერავინ გვიკარნახებს ჩვენ როგორი ღირებულებები უნდა ჰქონდეს. რამდენი ხანია საბერძნეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა - ვიდრე საბერძნეთში არ მოვიდა ისეთი პარტია, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეტად შეამსუბუქოს ლგბტ საზოგადოების უფლებები, ვერავინ უკარნახა საბერძნეთს. საბერძნეთი შეგნებულად ვთქვი, რადგან მართლმადიდებლური სახელმწიფოა. არ არსებობს არავითარი მსოფლიო მთავრობა, რომელიც ვიღაცას რაღაცას უკარნახებს, გამორიცხულია ეს! საქართველოში ეს თემა არ არის აქტუალური, საქართველოში ამაზე არავინ ლაპარაკობს, არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ამბობს, რომ ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, აუცილებლად განვახორციელებთ ამ რეფორმებს ლგბტ საზოგადოების მიმართ. ესენი იგონებენ! არავინ ლაპარაკობს ომზე და ესენი იგონებენ ომს და ქმნიან ილუზიას. ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ხმების მოსაპოვებლად და ეს მორიგი რუსული კანონია“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
გარდა ამისა, მან ზურაბ აზარაშვილის მიერ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვებაც შეაფასა და განაცხადა, რომ ყოველგვარი სკანდალის გარეშე გადაიბარა ძველი მთავრობა კობახიძემ, თუმცა ჩანდა, რომ არჩევნებამდე მაქსიმალურად შეიცვლებოდა მთავრობის შემადგენლობა.
„არ უნდათ, როგორც ჩანს, დიდი სკანდალი - რომ გააგდეს ღარიბაშვილი და მისი გუნდი და მოვიდა ახალი გუნდი. ყოველგვარი სკანდალის გარეშე გადმოიბარა ძველი მთავრობა კობახიძემ და ჩანდა, რომ არჩევნებამდე მაქსიმალურად დაიფერთხებოდა „ქართული ოცნების“ ძველი გუნდიდან მთავრობა და განახლდებოდა. აშკარაა, რომ კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს თემით ქულები ჩაიწერა საზოგადოების წინაშე, ჯანდაცვის თანამშრომლების წინაშე და აჩვენა, რომ მას შეუძლია გადაწყვიტოს პრინციპული საორგანიზაციო საკითხები და გაუშვა ადამიანი, რომელიც შეიძლება, კავშირში იყოს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან.
კობახიძეს თავისუფლად შეუძლია ღარიბაშვილის გუნდთან იმუშაოს- ეს ის ხალხია, ვინც იმუშავებს ნებისმიერ პრემიერთან, მაგრამ გაუშვა იმიტომ, რომ სჭირდება თავისი ხალხი მოიყვანოს. კობახიძე არის უფრო ამბიციური, ახალგაზრდა, შეკრა სერიოზული გუნდი, დასავლეთში ნასწავლია, პარლამენტში ჰყავს ხალხი. ღარიბაშვილს უჭირდა ლაპარაკი, საზოგადოებაში გამოსვლა- არჩევნების წინ სჭირდებოდათ მოლაპარაკე თავები. მოახერხა კობახიძემ დაემტკიცებინა ივანიშვილის კარზე, რომ მისი გუნდი და მისი ხაზი იქნებოდა უფრო წარმატებული და იმდენად უჭირდა კობახიძეს თავისი პოზიციების გატანა, რომ დასჭირდა ივანიშვილის გამოძახება. გაიმყარა კობახიძემ გარანტიები, მარტო თავისთვის? გამორიცხულია! მისი გუნდი სიებს ელოდება, რამდენი ადამიანი მოხვდება კობახიძისა პარლამენტში. ჩვენ ვნახავთ რამდენი ადამიანი მოხვდება ღარიბაშვილის მხრიდან, რამდენი -კობახიძის და რამდენი - კალაძის, ასევე უსაფრთხოებას თავისი ხალხი ჰყავს, ივანიშვილს ეყოლება მეგობრები, ვინც უნდა რომ მოხვდეს პარლამენტში. ვნახავთ როგორ გაიტანს თავს კობახიძე - მან თავისი ხალხის წინაშე უნდა შეასრულოს ვალდებულება“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.