„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - საკრებულოს მაჟორიტარის არჩევნების მეორე ტურის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესებასა და საკუთარ თავზე მორგებას ხშირად ცდილობს.

ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, ინიცირებული კანონპროექტი არ მიიღოს.

„მიმდინარე წლის 20 მარტს „ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტს მიმართეს საარჩევნო კოდექსში ცვლილების ინიციატივით, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად დადგენილი მინიმალური 40%-იანი ბარიერის გაუქმებას ითვალისწინებს. ცვლილების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები აღარ იარსებებს, რაც ამომრჩეველთა ხმების დაკარგვის რისკს ზრდის და არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს შანსს უკარგავს, რომ მეორე ტურში მხარი ერთიან ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭირონ.

კანონის მოქმედი რედაქციით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, კანდიდატის საკრებულოს წევრად არჩეულად ითვლება მაშინ, როდესაც ის მიიღებს კონკურენტებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ხმების 40%-ისა. იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს 40%-იან ბარიერს, მეორე ტური ინიშნება. აღნიშნული ბარიერი საარჩევნო კოდექსში 2021 წელს დაწესდა.

წარმოდგენილი ცვლილება ასევე ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ საკრებულოს წევრად არჩეულ იქნეს კანდიდატი, რომლის წინააღმდეგაც უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე მის მხარდასაჭერად. საბოლოო ჯამში, იზრდება საფრთხე იმისა, რომ ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნება ადეკვატურად არ აისახოს მანდატებში.

ამრიგად, წარმოდგენილი ცვლილება აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯია, რაც ასევე ასახავს საერთო ტენდენციას, რომელიც უკანასკნელ წლებში, არჩევნებთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების საკანონმდებლო პოლიტიკაში შეინიშნება. კერძოდ, ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესებას და საკუთარ თავზე მორგებას. საილუსტრაციოდ, საკმარისია გავიხსენოთ ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით ახლახან მიღებული ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში, რომლებიც მთლიანად უგულებელყოფს ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტს არ მიიღოს ინიცირებული კანონპროექტი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო