ვახტანგ თურნავა - ერთობლივი ძალისხმევით ახალგაზრდებს მივეცით საკუთარი ნიჭის აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობა, მჯერა, ჩემს ახალ ამპლუაში სხვაგვარად შემიძლია შევიტანო წვლილი - ვიმუშაო საქართველოს როგორც ტექნოლოგიური ინდუსტრიის ცენტრად პოზიციონირებისთვის

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის წევრი ვახტანგ თურნავა სოციალურ ქსელ „ლინკდინზე“ სტატუსს აქვეყნებს, სადაც „სქილვილის“ კოლეგებს და პარტნიორებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.

თურნავა იმ წარმატებაზე საუბრობს, რომელსაც მან და მისმა გუნდმა საქართველოს ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების კუთხით მიაღწიეს.

როგორც თურნავა აღნიშნავს, მისი და კოლეგა კომპანიების საქმიანობის შედეგად ქვეყანაში რამდენიმე მილიარდი ლარი შემოვიდა. მისივე თქმით, "ეს გუნდური წარმატება ადასტურებს ჩვენს ვალდებულებას, გავხადოთ საქართველო საკვანძო მოთამაშედ გლობალურ ტექნოლოგიურ სფეროში".

„ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო და მეგობრებო! Skillwill Neo University Making Science • Sweeft

ჩემი გადაწყვეტილებით, უკანასკნელი სამი თვეა აღარ ვარ ჩართული იმ საქმიანობაში, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ყველამ ერთად ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომითა და ენთუზიაზმით შევქმენით უდიდესი წარმატება არამხოლოდ გუნდის ფარგლებში, არამედ საქართველოს ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის. არ არის მარტივი იმ ადამიანებსა და საქმესთან დისტანცირება, რომელთანაც ძლიერი ემოციური ბმა, საერთო წარმატება, უამრავი მოგონება და გამოცდილება მაკავშირებს. ყოველთვის წარმოუდგენლად ვიამაყებ იმ შედეგებით, რასაც ამ წლების განმავლობაში ერთად მივაღწიეთ.

ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ მოვამზადეთ და გადავამზადეთ ათასობით ადამიანი. ახალგაზრდებს მივეცით საკუთარი ნიჭის აღმოჩენისა და ღირსეული სამუშაოს მიღებისათვის საჭირო უნარების განვითარების შესაძლებლობა. ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, შევქმენით დასაქმების შესაძლებლობა ასობით ქართველი პროფესიონალისთვის, ევროპასა და ამერიკაში. რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი საქმიანობით შევამცირეთ ქვეყნიდან ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანების გადინება. ჩვენმა მუშაობამ არა მხოლოდ აამაღლა ჩვენი ადგილობრივი ნიჭის უნარები და შესაძლებლობები, არამედ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში - ჩვენი და ჩვენი კოლეგა კომპანიების საქმიანობის შედეგად ქვეყანაში რამდენიმე მილიარდი ლარი შემოვიდა. ეს გუნდური წარმატება ადასტურებს ჩვენს ვალდებულებას, გავხადოთ საქართველო საკვანძო მოთამაშედ გლობალურ ტექნოლოგიურ სფეროში.

ჩემს დიდი ხნის პარტნიორებსა და არაჩვეულებრივ გუნდს, რომელთან ერთადაც ამ ყველაფრის შექმნა შესაძლებელი გახდა - მადლობას გიხდით ყველაფრისთვის! ჩვენ დავიწყეთ ეს მოგზაურობა საერთო ხედვითა და ღირებულებებით და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ კიდევ უფრო მეტი წარმატებით გააგრძელებთ დიდი მწვერვალების დაპყრობას. მთელი გულით მხარს გიჭერთ და მოუთმენლად ველი იმ მომავალ მიღწევებს, რომლებსაც ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების კუთხით განახორციელებთ.

მე კი კვლავ ერთგული დავრჩები ჩემი მთავარი მიზნისა - მხარი დავუჭირო საქართველოს ტექნოლოგიური სექტორის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. მჯერა, რომ ჩემს ახალ ამპლუაში სხვაგვარად შემიძლია შევიტანო წვლილი - ვიმუშაო საქართველოს როგორც ტექნოლოგიური ინდუსტრიის ცენტრად პოზიციონირებისთვის. ჩემი გატაცება და ერთგულება ამ ინდუსტრიისა და მისი მომავლისადმი ურყევია. ერთად გავაგრძელოთ საზღვრების გადალახვა, ინოვაციების შექმნა და ქართული ნიჭის გამოვლინება გლობალურ სცენაზე.

P.S. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ძმას და პარტნიორს გიორგი მარიამიძეს“, - წერს ვახტანგ თურნავა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა