საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი რამდენიმე დოკუმენტი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის (მდგრადი ურბანული განვითარება - ურბანული მობილობა ბათუმში)“ სასესხო შეთანხმება კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკა გუნცაძემ წარუდგინა.

შეთანხმება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ საქართველოსთვის 15 მლნ. ევროს ოდენობის სესხის 15 წლის ვადით გამოყოფას ითვალისწინებს, საიდანაც 10 წელი შეღავათიანია.

მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება ბათუმის ურბანული ტრანსპორტის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძოდ, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების, ველო ინფრასტრუქტურისა და ავტობუსების სპეციალური სავალი ხაზების მოწყობა.

სხდომაზე, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის მეშვეობით - მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის I ფაზა) სასესხო შეთანხმება განიხილეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ეკა გუნცაძის განმარტებით, დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოსთვის 32,4 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 29 წლის ვადით, საიდანაც 6 წელი შეღავათიანია. აღნიშნული თანხა ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური დეტალების შესწავლას და იურიდიული და ფინანსური კონსულტაციების გაწევას მაღალი ძაბვის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტის განხორციელების მიზნით.

„ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის არა მხოლოდ ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით, არამედ, ზოგადად უსაფრთხოების და ჩვენი ქვეყნის, როგორც ენერგეტიკული ჰაბის ჩამოყალიბების მიმართულებით“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

2015 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ქუთაისის წყალარინება) N3 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ მიხედვით, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილია 100 მლნ. ევროს ოდენობის სესხი, რომლითაც გათვალისწინებულია ქუთაისში წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა განმარტა, ქუთაისის წყალარინების სისტემისთვის სესხის სახით და 25 წლის ვადით ევროპის საინვესტიციო ბანკისგან აღებულია 100 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.

დოკუმენტში ცვლილება ითვალისწინებს სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის გაგრძელებას 2024 წლის 23 დეკემბრიდან 2028 წლის 30 ივნისის ჩათვლით და ხელშეკრულების ტექნიკურ აღწერაში კორექტირების შეტანას. ამასთანავე, ცვლილებების გათვალისწინებით, პროექტის განხორციელების პერიოდი იქნება 2021-2028 წლები.

„აღსანიშნავია, რომ ხდება პროექტის კომპონენტების დაზუსტება და სესხის ხელმისაწვდომობის დროის გადაწევა“, - განაცხადა მომხსენებელმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია