საბანკო ასოციაცია - საქართველოს საბანკო სისტემა დაიცავს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს

საქართველოს საბანკო სისტემა დაიცავს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს საბანკო ასოციაციაში განუცხადეს.

როგორც ასოციაციაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 პირის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით აღნიშნეს, ქართული ბანკები გადაწყვეტილებას საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით მიიღებენ.

„საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს,“ - განაცხადეს საბანკო ასოციაციაში.

ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია