ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo &Partners” განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo &Partners” ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის ჟურნალისტების პრესტური ჩატარდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ჩვენ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ვთანამშრომლობთ. ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებთან, მედიასაშუალებებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ღვინის მოყვარულ ადამიანებთან თანამშრომლობით და მათი დახმარებით, ქართულ ღვინოს ამერიკულ ბაზარს ვაცნობთ. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა, გაიზარდა მისი ცნობადობაც. ბევრი ამერიკელი ღვინის მოყვარული და მომხმარებელი დაინტერესებულია ქართული ღვინით, რაც მათთვის ახალია, განსხვავებულია სტილით და ჯიშების მრავალფეროვნებით გამოირჩევა“, - აღნიშნა Colangelo &Partners-ის წარმომადგენელმა ერინ ჰილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ეს ამერიკელი ღვინის პროფესიონალების მეორე ვიზიტი იყო საქართველოში.

„ჟურნალისტების ჯგუფის შემადგენლობაში იყო ცნობილი ამერიკული ღვინის გამოცემის „Wine Enthusiast“ ერთ-ერთი რედაქტორი ემილი სალადინო (Emily Saladino), რომელმაც ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩაატარა. Wine Enthusiast-ის 100 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით შეფასებული ღვინოები Wine Enthusiast-ში გამოქვეყნდება.

ტურის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.

აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის სტრატეგიის ფარგლებში აშშ-ში განხორციელებულმა მომხმარებელზე ორიენტირებულმა სარეკლამო კამპანიამ და ისეთ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობამ, როგორიც არის CBS და CNN, წარმატებულად იმუშავა და შედეგად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში და 2024 წლის განვლილი პერიოდში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცენდენტო ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა