„ბახმაროს გადარჩენის“ საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, კომპანია ბახმაროში მშენებლობის დასაწყებად გარკვეულ სამუშაოებს უკვე ახორციელებს, თუმცა მას მრავალბინიანი კომპლექსის აშენების უფლებას არ მისცემენ

„ბახმაროს გადარჩენის“ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, სამშენებლო კომპანია ბახმაროში მშენებლობის დასაწყებად გარკვეულ სამუშაოებს შენიღბულად ახორციელებს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საინიციატივო ჯგუფი სამშენებლო კომპანიას ბახმაროში მრავალბინიანი კომპლექსის აშენების უფლებას არ მისცემს და ამ ფაქტს შეეწინააღმდეგება.

ამასთან, მისივე თქმით, კომპანია ყველანაირად ცდილობს, რომ სახელმწიფოს მიერ ერთ ლარად ნაჩუქარი მიწიდან, ბახმაროს დასამარების ხარჯზე იშოვოს მილიონები.

„მე არავითარი პასუხი პროკურატურიდან არ მიმიღია. მე რამდენჯერმე გავაგზავნე წერილი. ბოლო რაც მიწერილი მაქვს, იმაზე რეაგირება არ ყოფილა. სამშენებლო კომპანია ბახმაროში რაღაცის დასაწყებად ემზადება. მათი მხრიდან გარკვეული მობილიზაციაა, შენიღბულად და ფარულად. ჩადგეს კონტეინერი, ეტყობა რაღაც მომენტს ელოდებიან, რომ დაიწყონ პროცესი, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მალე შეიძლება ბახმაროში თოვლი მოვიდეს და გზა ჩაიკეტოს. ამან შეიძლება ბუნებრივად შეაფერხოს ეს ამბავი, მაგრამ ის, რომ კომპანიას გადაწყვეტილი აქვს და არ ითვალისწინებს პროტესტს, ეს ასეა. ვინც ვაქტიურობდით აქამდე ბახმაროში მშენებლობის გასაპროტესტებლად, ჩვენ ყველა მზად ვართ, რომ ეს პროტესტი არ შევწყვიტოთ. არც შეგვიწყვეტია, სხვადასხვა ფორმით გრძელდება ეს პროტესტი, მაგრამ ის კი ვიცით, რომ კომპანიას არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იქ მშენებლობა დაიწყოს. მოქალაქეებს გვაქვს კანონით დადგენილი უფლებები და ამ უფლებების ფარგლებში გამოვხატავთ პროტესტს.

მე არ მქონია არავისთან კომუნიკაცია გარდა იმისა, რომ ვითხოვდი სახელმწიფო უწყებებიდან რეაგირებას. სამშენებლო კომპანია ჩასაფრებულია და ელოდება ხელსაყრელ მომენტს, რომ დაიწყოს სამშენებლო პროცესი, მე ხშირად ვარ ხოლმე ბახმაროში და ვიცნობ სიტუაციას. კომპანია ყველანაირად ცდილობს, რომ სახელმწიფოს მიერ ერთ ლარად ნაჩუქარი მიწიდან, ბახმაროს დასამარების ხარჯზე, იშოვოს მილიონები. რა შეაჩერებს იმ მტაცებელ კომპანიას, რომელმაც დაასამარა ბათუმი და ახლა მიადგა ბახმაროს?! ელოდება ხელსაყრელ მომენტს, ჩვენ შევეწინააღმდეგებით, ჩვენ არ დავუშვებთ! ჩვენ, აქტივისტები შევეწინააღმდეგებით!“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ცნობისთვის, ბახმაროში ახალი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტის ტერიტორია მოიცავს 8 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, საიდანაც 1 ჰექტარზე სასტუმრო კომპლექსის შენობა განთავსდება, ხოლო 7 ჰექტარი დაეთმობა რეკრეაციულ და დასასვენებელ სივრცეებს. კომპლექსის დასრულების ვადა თავდაპირველად 2025 წლის დეკემბერი იყო, მთავრობის განკარგულებით კი ის 2 წლით გახანგრძლივდა და 2027 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. საინიციატივო ჯგუფის „ბახმაროს გადარჩენისთვის" წარმომადგენლები პროექტის სრულად შეჩერებას ითხოვენ. მათ ამ მოთხოვნით პეტიციასაც კი მოაწერეს ხელი.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა