თინა ბოკუჩავა - ხელისუფლებამ უკანონოდ, პოლიციელების გამოყენებით აგვიკრძალა სასამართლოს სხდომათა დარბაზში შესვლა, რომ სიმართლე ჩაახშოს, თუმცა ვერ ჩაახშობს

ხელისუფლებამ უკანონოდ, პოლიციელების გამოყენებით სასამართლოს სხდომათა დარბაზში შესვლა აგვიკრძალა იმისთვის, რომ სასამართლოში სიმართლე ჩაახშოს, რომელსაც ვერ ჩაახშობს, ვერც სასამართლოს ეზოში, ვერც თბილისის ქუჩებში და ვერც სხვადასხვა ქალაქში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სასამართლოსთან, სადაც საარჩევნო დავებს განიხილავენ, შეკრება და პროტესტის გამოხატვა მნიშვნელოვანია.

„საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე, უკანონო ბრძანებებს გასცემს, მათ შორის, პოლიციის მიმართ, რომელიც კანონის გვერდის ავლით სასამართლოს მხარეებს შესაძლებლობას არ გვაძლევს, რომ სასამართლოს დარბაზში ვიყოთ, რადგან მორიგ ჯერზე აპირებენ, სასამართლოშიც უკანონო გადაწყვეტილება მიიღონ, ვლადიმერ ხუჭუას მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაბათილონ, რომელმაც დაადგინა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, რადგან არჩევნების ფარულობის კონსტიტუციური პრინციპი დაცული არ იყო, შესაბამისად, ამომრჩევლის თავისუფალი ნება არ იყო გამოხატული. თუ ეს ასე იყო და საარჩევნო ბიულეტენები გამჭვირვალე იყო იმ ხარისხით, რომ ადამიანის არჩევანი ხილვადი ყოფილიყო თეთრიწყაროსა და წალკაში, ბუნებრივია, იგივე მოხდა მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, არამხოლოდ წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საარჩევნო შედეგი უნდა გაუქმდეს, არამედ ყველა უბნის შედეგი უნდა გაუქმდეს, სადაც ელექტრონული კენჭისყრის გზით მიიღეს მოქალაქეებმა მონაწილეობა. თუ სასამართლო დარბაზს შიგნით ჩაახშობს ივანიშვილი სიმართლეს ჩვენი იქ არ დაშვებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლოს ეზოში, თბილისის ქუჩებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სიმართლეს ჩაახშობს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, პოლიციის წარმომადგენლის ნათქვამის მიუხედავად, რომ მას, როგორც პარტიის თავმჯდომარეს შესვლა შეეძლო, ბოკუჩავამ განუცხადა, რომ პროცესზე დასწრების უფლება არც ერთი კოალიციის წარმომადგენელს არ მისცეს.

„არც ერთ სხვა პარტიის წარმომადგენელს შესვლის უფლებას არ აძლევენ, ეს რა კანონისმიერი განმარტებაა?! ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ივანიშვილის გაყალბების მიუხედავად, კანონის შესაბამისად აქვს უფლება, სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს, როგორც მხარე. სხვა კოალიციების, პარტიების არც თავმჯდომარეებს, არც ერთ სხვა მათ მიერ მინდობილ პირს შესვლის უფლებას არ აძლევენ. ახლა განმიმარტეს, თქვენც აღარ შემოგიშვებთო. თვითონაც ვერ ჩამოყალიბდნენ, სინამდვილეში, რა ფორმით, რა დოზით დაარღვიონ კანონი, მაგრამ ფაქტია, კანონს არღვევენ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა