ნონა ქურდოვანიძე - ცესკოს ნეიტრალური წევრები ფორმალურადაც ვერ იცავდნენ ნეიტრალურობას - საინტერესო დადასტურებაც მივიღეთ „ქართული ოცნების“ დანიშნული წევრისგან, რომ კამერები, რომლებიც უბნებზე იყო, მათ ეკუთვნოდათ, დავას გავაგრძელებთ

დღევანდელმა სხდომამ აჩვენა, რომ ცესკოს ნეიტრალური წევრები ფორმალურადაც ვერ იცავდნენ ნეიტრალურობას - საინტერესო დადასტურებაც მივიღეთ „ქართული ოცნების“ დანიშნული წევრისგან, რომ კამერები, რომლებიც უბნებზე იყო, მათ ეკუთვნოდათ, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქურდოვანიძე ეხმაურება ცესკო-ში დღეს მიმდინარე სხდომას, სადაც განიხილებოდა საჩივრები, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს ეხება.

საიას თავმჯდომარის თქმით, საკითხზე დავა აუცილებლად გაგრძელდება.

“დღეს, ცესკოს რამდენიმე საათიანი სხდომა მიეძღვნა საჩივრების განხილვას, მათ შორის, საიას საჩივარს ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით.

მართალია, ამ საკითხზე სასამართლო განხილვები უკვე შედგა, თუმცა, ის ეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, ამჯერად, გასაჩივრებული იყო საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები. ეს სამართლებრივად სხვადასხვა აქტებია. გარდა ამისა, პირველ დავაში ცესკო არ მონაწილეობდა, როგორც მოპასუხე და ჩვენი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ არც მესამე პირად ჩართო. პროცესზე ცესკოს იურიდიული დეპარტამენტი წარმოადგენდა არა ცესკოს, არამედ მათ ჰქონდათ ოლქების წარმომადგენლობის უფლებამოსილება. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ დავაში შემოგვეყვანა ცესკო, როგორც სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში მთავარი მოპასუხე უნდა იყოს.

დღევანდელმა სხდომამ აჩვენა, რომ ცესკოს ნეიტრალური წევრები ფორმალურადაც ვერ იცავდნენ ნეიტრალურობას და ზოგიერთი მათგანი პირდაპირ აჟღერებდა საიას წინააღმდეგ იგივე ბრალდებებს, რაც მმართველი გუნდის მხრიდან ბოლო დღეებში ისმის. მათ შორის, სვამდნენ ისეთ კითხვებს, რომლებსაც საერთოდ არ აქვს შემხებლობა განსახილველ საკითხთან. მაგალითად, ჩვენი დამკვირვებლებისათვის ჩატარებული ტრენინგების შინაარსს ვუთანხმებთ თუ არა დონორებს.

ამის მიუხედავად, საინტერესო დადასტურებაც მივიღეთ ამ სხდომიდან, ქართული ოცნების მიერ დანიშნულმა წევრმა დაადასტურა, რომ კამერები, რომლებიც უბნებზე იყო, მათ ეკუთვნოდათ.

ჩვენ ამ საკითხზე დავას აუცილებლად გავაგრძელებთ და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომლის გამოყენებაც დამკვირვებელ ორგანიზაციას შეუძლია.

აქვე, დიდი მადლობა ჩვენს კომპეტენტურ იურისტებს, რომლებიც მშვიდად და ღირსეულად იგერიებდნენ ამ თავდასხმებს”, -წერს საიას თავმჯდომარე.

ცესკო-ს კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმების გაბათილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, სხდომაზე „ახალი გარემოება არ გამოკვეთილა“, რაც „დამატებით არგუმენტაციას შესძენდა საჩივრის ავტორების პოზიციას", ამასთან, მისი თქმით, საჩივრები წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებლად.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია