ლევან დავითაშვილი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ოპერირებას, ყველაზე გვიან, 2029 წელს დაიწყებს

ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მიმართულებით, მთავრობა მიზნად სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მდგრადი, ეფექტური სატრანსპორტო კავშირების შექმნას ისახავს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, მომდევნო წლებში კიდევ მეტად გააქტიურდება საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების, მათ შორის, „შუა დერეფნის“ მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით მუშაობა. მისი თქმით, 2023 წელს ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ 701 442 TEU შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 47,0%-ით მეტია (477 094 TEU).

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება მუშაობა შავ ზღვაზე ბულგარეთთან და რუმინეთთან პირდაპირი საბორნე ხაზების დამატების და მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდის მიმართულებით.

მინისტრობის კანდიდატმა დაასახელა სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროექტები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს, მოიზიდოს დამატებითი ტვირთები. მისი თქმით, ფინალურ ეტაპზეა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის კერძო პარტნიორის გამოვლენის პროცესი. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ოპერირებას, ყველაზე გვიან, 2029 წელს დაიწყებს. მისი თქმით, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარობა წელიწადში 600 000 კონტეინერი (TEU) იქნება, ხოლო განხორციელებული ინვესტიცია 600 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდება.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე ისაუბრა, რომლის დასრულების შემდეგაც რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 27 მილიონიდან 48 მილიონ ტონამდე, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ავტომატური ბლოკირების სისტემის დამონტაჟებით – 100 მილიონ ტონამდე გაიზრდება. მისი თქმით, ასევე დასკვნით ეტაპზეა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა