ნიკა გვარამია - პრეზიდენტის მიერ ოპოზიციური პარტიების მოწვევა და ერთიანობაზე საუბარი აბსოლუტურად სწორი და დროულია - სამშობლოს ბედი წყდება და ამ ბედს ყველა ერთად, დარწმუნებული ვარ, გადავწყვეტთ

პრეზიდენტის მიერ ოპოზიციური პარტიების მოწვევა და ერთიანობაზე საუბარი აბსოლუტურად სწორი და დროულია - სამშობლოს ბედი წყდება და ამ ბედს ყველა ერთად, დარწმუნებული ვარ, გადავწყვეტთ,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, “ამ ქვეყანას აქვს თავისი არჩევანი, თავისი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება არის გზა ევროპისკენ”.

“კობახიძეს ჯერ საუბარი არ ჰქონდა დამთავრებული, როდესაც კატასტროფულად ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურება უკვე გამოქვეყნებული იყო. პრეზიდენტის მიერ ოპოზიციური პარტიების მოწვევა იყო აბსოლუტურად სწორი, დროული და ერთიანობაზე საუბარიც იყო სწორი და დროული. ერთადერთი რამ გვაქვს დასაცავი, სამშობლო. სამშობლოს ბედი წყდება და ამ ბედს ყველა ერთად, დარწმუნებული ვარ, გადავწყვეტთ”,- განაცხადა გვარამიამ.

რაც შეეხება პარლამენტთან მიმდინარე აქციას და იმას, თუ რა როლი ექნება პროტესტში ოპოზიციას, გვარამია ამბობს, რომ “წინააღმდეგობის მოძრაობა არ არის პოლიტიკოსების საკუთრება და ზოგადად, ქვეყანაში ცვლილება არ არის პოლიტიკოსების საკუთრება”.

“პოლიტიკოსებს შესაძლოა კონკრეტული როლი ჰქონდეთ, მათ შორის ის, რასაც ხალხი გადაწყვეტს, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკოსების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პრეზიდენტის საკუთრება. ხალხი წყვეტს თავის ბედს. ყველა ვართ ამ ხალხის ნაწილი და ვისაც როგორ შეგვიძლია, იმ ფორმით და იმ მასშტაბით მივიღებთ მონაწილეობას გადაწყვეტილებაში და რის მანდატსაც ხალხი და ერთმანეთთან შეთანხმება მოგვცეს. ვერ ვხედავ ვერანაირ წინააღმდეგობას ჩვენს დიალოგში. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ და ასეც იქნება”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს