საგარეო უწყებაში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ელჩები დაიბარეს, სადაც ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ განცხადების გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ლიეტუვის, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ლატვიის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, დარიუს ვიტკაუსკასი, მარგე მარდისალუ-კაჰარი და ლოლიტა ლენკევიჩი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა სამი ქვეყნის მიერ, საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.

აღინიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩარჩოებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო არის საერთაშორისო ნორმების ერთგული და საქართველოს საელმწიფო ორგანოები მოქმედებენ კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, იმისათვის რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

მიუღებელია განცხადებები, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების საქმიანობაზე ზემოქმედების მოხდენისკენ და აღიქმება, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე, არ ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას და მიზნად ისახავს აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე დამაზიანებელი სპეკულაციების აღკვეთას. საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებულ ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას უკეთ იყოს მომზადებული ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების სწრაფად წარმართვისთვის, შესაბამისად განცხადებები, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან იმედი გამოითქვა, რომ მხარეები დაუბრუნდებიან ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობა დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს