კახა კალაძე - თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს აღემატება - იგეგმება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, ვერის ბაღისა და ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, ასევე 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს აღემატება.

მისი თქმით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დასრულებული სახით თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად, უახლოეს პერიოდში გაეგზავნება.

კალაძემ დოკუმენტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„დღევანდელი მონაცემებით, თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს აღემატება, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტის საწყის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით, ორი ასეულით მეტია. ბიუჯეტში ტრადიციულად ჭარბობს სოციალური პროგრამები, ჯანდაცვის მიმართულება. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა იმ ოჯახს, ყველა ადამიანს დავუდგებით გვერდით, ვინც ჯერ კიდევ საჭიროებს მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდაჭერას და თანადგომას. არასდროს დაგტოვებთ თქვენი პრობლემების პირისპირ და ყველანაირად ხელს შეგიწყობთ და ვეცდებით, შეგიმსუბუქოთ ყოფა. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ სოციალური პროგრამების მიმართულებით ბიუჯეტში თანხა დაახლოებით, 530 მილიონ ლარს შეადგენს.

ასევე მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლისთვისაც 740 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მათ შორისაა გარდამავალი პროექტები. ეს არის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, ახალი ავტობაზის მშენებლობა, გმირთა მოედნიდან სანაპიროზე გამსვლელი საგზაო კვანძის მოდერნიზაცია, უნივერსიტეტისა და შავიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა, გახოკიძისა და ბურჯანაძის ქუჩების რეაბილიტაცია, ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია, ე.წ. კადეტთა კორპუსის, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულის სასახლის რეაბილიტაციის პროექტები.

2025 წელს კიდევ რამდენიმე ახალი პროექტის დაწყება და განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. კერძოდ, რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ვერის ბაღისა და ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის რეაბილიტაციის დასრულება და სხვა ბევრი პროექტი, რომლის შესახებაც ეტაპობრივად საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას,“ - განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია