ნათია თურნავა - ბოლო 20 თვის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც ქვეყნისთვის ინფლაციის ოპტიმალური დონეა, განვითარების ამ ეტაპზე, 3%-ს შეადგენს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს, რომელიც მოიაზრებს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის წინასწარ განსაზღვრას, ხოლო მონეტარული პოლიტიკის იმგვარად წარმართვას, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს.

„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის თანმიმდევრულმა ცვლილებამ როგორც გამკაცრების, ისე ნორმალიზების თვალსაზრისით და ასევე არსებული მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს პირობებში ეკონომიკაზე გადაცემის სიძლიერემ, საქართველოში ფასების სტაბილურობა წარმატებით უზრუნველყო. მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში ძლიერი საგარეო ეკონომიკური შოკებისა, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი ნარჩუნდება. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მას შემდეგ, 20 თვის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. 2024 წლის ნოემბერში ინფლაციამ 1.3% შეადგინა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, ინფლაციის შემცირების ფონზე, 2023 წლის მაისიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით 8.0%-ს შეადგენს.

„მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.2%-ის ფარგლებში იქნება, საშუალოვადიან პერიოდში კი მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეგახსენებთ, რომ "ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები" ყოველწლიურად მუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ შემდეგი სამი წლისთვის და დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. "მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში" მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის გატარებისას იყენებს.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია