ამირან გამყრელიძე ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს - კრიზისის განმუხტვის გასაღები ჯერ კიდევ თქვენს ხელშია, მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს მოუგია

მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია, ის ქვეყანას მხოლოდ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ნუ დავუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას და ნუ გავახარებთ მტრებს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებაშია ნათქვამი.

ამირან გამყრელიძე „ფეისბუქზე“ ვრცელ მიმართვას ავრცელებს და მიმართავს ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებს პირებს, რომ ვითარების ესკალაცია შესაძლოა, უმართავ პროცესებში გადაიზარდოს, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფოს დაეკისრება.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, აქციის მონაწილეებს რეგულარულად უნდა მიეწოდოთ სრული ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების დროს ჯანმრთელობის რისკების შესახებ და მათთვის ხელმისაწვდომი იყოს პრევენციული საშუალებები ადგილებზე.

„მივმართავ მათ ვისაც ეს ეხება, დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს! როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე, მეც ერთ-ერთი, სპეციალობით ექიმი, ბევრის მნახველი და მონაწილე, მათ შორის კრიზისული სიტუაციების, ვაკვირდები მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მთელს საქართველოში, რომელშიც მონაწილეობს ასი ათასობით მოქალაქე, რომლის მსგავსი მასშტაბის არ მახსოვს. სამწუხაროდ, უკვე მე-9 დღეა სახელმწიფო იყენებს, განსაკუთრებით თბილისში, სხვადასხვა ფორმის არაპროპორციულ ძალას და დაპირისპირებულობა უკვე მიუახლოვდა კრიტიკულ ზღვარს. როგორც ექიმი და ათეული წლების განმავლობაში პიროვნება მდგარი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე, ძალიან განვიცდი ასეთ ესკალაციას, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და ამაზე მთელი პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფოს დაეკისრება. პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილი ჩვენი მომავალი თაობა, ახალგაზრდობაა და მათზე ხელის აღმართვა დღეს გამოყენებული მეთოდებით, რაც ხდება და გამოიხატება ასობით ადამიანის მიზანმიმართული ტრავმული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაციაში, მათ შორის რთული დაზიანებებით და ათასობით ადამიანის ე.წ. ცრემლსადენი გაზით და წიწაკის სპრეით ხანგრძლივ ექსპოზიციაში (მრავალი დღის განმავლობაში ზემოქმედება), არცერთი მსგავსი პროტესტის დროს არ ყოფილა ქვეყანაში ჩემს მეხსიერებაში, თუ არ ჩავთვლით ცხრა აპრილს, როცა სამწუხაროდ, იყო გამოყენებული სხვა ტიპის მომწამვლელი ნივთიერება და გვქონდა მსხვერპლი, ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსისგან. იყო მხოლოდ ერთჯერადი (ერთდღიანი) გამოყენება და დამერწმუნეთ, ეს ხანგრძლივვადიანი ზემოქმედება უკვალოდ არ ჩაივლის ექსპოზირებული ადამიანების ჯანმრთელობის თვალსაზრისით, იქნებიან ესენი მშვიდობიანი პროტესტანტები, ახლოში მცხოვრები მოსახლეობა თუ თვითონ სპეცრაზმელები. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები, სასწრაფო დახმარების თუ საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალი, ყველაფერს აკეთებენ ადამიანთა დროული სამედიცინო დახმარებისთვის, როგორც ყოველთვის. ისტორიულად, ასეთი ტიპის კრიზისების დროს სამედიცინო პერსონალი ყოველთვის მოწოდების დონეზეა, მაგრამ საჭიროა, აქციის მონაწილეებს რეგულარულად მიეწოდოთ სრული ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების დროს ჯანმრთელობის რისკების შესახებ და მათთვის ხელმისაწვდომი იყოს პრევენციული საშუალებები ადგილებზე (სულ მცირე N95 ნიღბები, ფიზიოლოგიური ხსნარი, წყალი კანის ზედაპირისა და სახის სწრაფი დამუშავებისა და ტანსაცმლის დეკონტამინაციისთვის, დაურიგდეს მათ ნაბეჭდი რეკომენდაციები, თუ როგორი პრევენციული ღონისძიებები გაატარონ ამ დროს და სისტემატურად ცხადდებოდეს ეს რადიოთი და სოციალური მედიით. ეს უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა).

თვალს ნუ დავხუჭავთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ის სულ უფრო და უფრო მწვავდება და ნუ შევიყვანთ მას გამოუვალ ჩიხში, საიდანაც გამოსვლა სულ უფრო ძალიან რთული იქნება. კარგად იცით, რომ ეს ახარებს მხოლოდ ერთ ქვეყანას, ჩრდილოელ მეზობელს, რომელსაც მუდმივი ქაოსი უნდა ამ ქვეყანაში და ნუ გავახარებთ მტერს. ჩვენი ნამდვილი მეგობრები გვთავაზობენ გამოსავლის რეალურ გზებს, რომ ჩვენ კვლავ დავრჩეთ დასავლურ ორბიტაზე და ხელიდან არ გაუშვათ ევრო და ჩრდილო - ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დარჩენის რეალური შანსი. ნუ დავუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას ქვეყნის განვითარების ამ გზაჯვარედინზე. ახალგაზრდობასთან ბრძოლაში ვერასოდეს ვერ და არ უნდა გაიმარჯვოს მამების თაობამ, ეს დიალექტიკის კანონია. ასეთი კრიზის დროს ძლიერმა უნდა დათმოს და ეს სისუსტის ნიშანი არ იქნება, პირიქით სიბრძნისა და სწორი სტრატეგიული ხედვის. კრიზისის განმუხტვის გასაღები ჯერ კიდევ თქვენს ხელშია. მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია, ის ქვეყანას მხოლოდ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ნუ დავუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას და ნუ გავახარებთ მტრებს!“,- წერს ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო