პროკურატურა - დაკავებულ 4 პირს, რომლებიც მოქალაქეებთან რეკავდნენ და არწმუნებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრის ბრალეულობით მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა და თანხას სძალავდნენ, ბრალდება წარედგინათ

საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის მიერ მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შსს-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის წევრებმა მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს.

„თაღლითური ჯგუფის წევრები უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს, თითქოს იყვნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები და ატყობინებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრი ავარიის შედეგად საავადმყოფოში იმყოფებოდა. თაღლითური ჯგუფის წევრები უხსნიდნენ მათ, რომ ავარია გამოწვეული იყო მათი ოჯახის წევრის ბრალეულობით და პასუხისმგებლობის არიდების და სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო იყო ნაღდი ფულის გაგზავნა. მას შემდეგ, რაც მოქალაქეებს დაითანხმებდნენ თანხის გადაცემაზე, დაზარალებულებთან კურიერის სტატუსით მიდიოდნენ და დაზარალებულთა კუთვნილ თანხებს ეუფლებოდნენ.

ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, 53 მოქალაქის კუთვნილ 1 041 336 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

დაკავებულ პირებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას დანაშაულის მონაწილე სხვა პირების დადგენა გამოვლენის და სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით, რის შემდგომაც შესაძლოა დაზარალებულთა წრე გაიზარდოს.

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს მსგავსი შინაარსის სატელეფონო ზარებთან მიმართებით გამოიჩინონ სიფრთხილე და ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა