მიხეილ ყაველაშვილი - მჯერა, 2025 იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი - საზოგადოების ერთიანობა სამშობლოს გარშემო, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის

მჯერა, ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი - საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის, რათა მათაც მოახერხონ საერთო ენის გამონახვა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის , - ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, დაე, გაიმარჯვოს სიყვარულის ძალამ ყველა იმ „ცდუნებაზე, რაც შეიძლება გვყოფდეს და გვაპირისპირებდეს“.

„ჩემო ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და სიხარულს. განსაკუთრებული სიყვარულით მინდა, მივულოცო ჩვენს პატარებს. ვისურვებ, სწორედ დღევანდელი ახალი წლის ჯადოსნური ღამე ყოფილიყოს მათი ოცნებებისა და სურვილების ასრულების დასაწყისი.

სიყვარული, სითბო და სიხარული შემოსულიყოს 2025 წელს თითოეული ჩვენგანის ოჯახში. სწორედ განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მინდა მივულოცო ახალი წელი ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს. ახალი წლის სიხარული ყოფილიყოს ჩვენი საერთო, ბედნიერი მომავლის საწინდარი.

მე მჯერა, ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი. საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის, რათა მათაც მოახერხონ საერთო ენის გამონახვა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

სწორედ სიყვარულზე და ურთიერთპატივისცემაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი მომავალი ერთობა. ისეთ უანგარო სიყვარულზე, როგორც ქართველ ბებია-ბაბუებს უყვართ საკუთარი შვილიშვილები და პატივისცემაზე, რაც ქართულ ტრადიციულ ოჯახში ბებია-ბაბუების მიმართ დამოკიდებულებაში ვლინდება.

დაე, ყოფილიყოს 2025 წელი ქართველების დიდი სიყვარულისა და ერთიანობის წელი.

დაე, გაიმარჯვოს სიყვარულის ძალამ ყველა იმ ცდუნებაზე, რაც შეიძლება გვყოფდეს და გვაპირისპირებდეს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი...“, - აღნიშნავს მიხეილ ყაველაშივლი.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა