ირაკლი კობახიძე - მინდა ვისურვო, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი, სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს

მინდა ვისურვო, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი, სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საახალწლო მილოცვაშია ნათქვამი.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა, მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ 2025 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

„გილოცავთ ახალ წელს!

გილოცავთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ შვილს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თითოეულ მკვიდრს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს!

2024 წელი იყო მრავალი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს კვლავაც უწევდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად; უწევდა ბრძოლა გარედან თავს მოხვეული სიძულვილის წინააღმდეგ.

თუმცა, მთავარი ისაა, რომ საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა. საქართველომ გაიმარჯვა 26 ოქტომბრის რეფერენდუმშიც, სადაც ქართველი ხალხი მტკიცედ დადგა თავისუფლების, დამოუკიდებლობის, მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის მხარეს!

საქართველოს წარმატებას 2024 წელს, ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, მრავალი ადამიანი ქმნიდა.

მადლობა პედაგოგებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, ექიმებს, გლეხებს, ფერმერებს, მუშებს, მეწარმეებს, საჯარო მოსამსახურეებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც თქვენი წვლილი შეგაქვთ სამშობლოს წარმატებაში.

ახალ წელს გილოცავთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, რომლებმაც უამრავი სირთულის მიუხედავად, დღემდე მოიტანეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და წარმატება.

ახალ წელს გილოცავთ ახალგაზრდებს, რომლებმაც თქვენი განათლებითა და პატრიოტიზმით უნდა შექმნათ საქართველოს ნათელი, წარმატებული, ევროპული მომავალი.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს. თითოეულ თქვენგანზე განსაკუთრებულად არის დამოკიდებული ქართული სახელმწიფოს თავისუფლება და ძლიერება. მადლობა თქვენი ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის სამშობლოს წინაშე.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს დედა-ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და თითოეულ სასულიერო პირს, რომელთა ღვაწლი საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობისა და ღირებულებების დაცვასა და შენარჩუნებაში ფასდაუდებელია. მადლობას ვუხდი ყველა რელიგიურ კონფესიას ტრადიციული ფასეულობების დაცვაზე ზრუნვისთვის.

2024 წელი იყო გამარჯვებებით სავსე წელიწადი. ჩვენი გამარჯვებები ყველაზე უკეთ სპორტულ წარმატებებში გამოიხატა. პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, სადაც დაუვიწყარი დღეები გვაჩუქა. ასეთივე წარმატებას მიაღწიეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა. ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს ქართველმა ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა. უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები გვაჩუქეს ჩვენმა კალათბურთელებმა, მორაგბეებმა, წყალბურთელებმა, ხელბურთელებმა. 2024 წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული სპორტის პრაქტიკულად ყველა სახეობისთვის.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ძლიერია ქართული გენი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ.

2024 წელი იყო წარმატებული ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. განხორციელდა არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.

დარწმუნებული ვარ, 2025 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. რაც მთავარია, მინდა ვისურვო, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი. სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გილოცავთ დამდეგ შობას! გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, სიყვარულით, სიკეთით და გამარჯვებებით სავსე 2025 წელს!

ღმერთი ფარავდეს საქართველოს! ღმერთი ფარავდეს თქვენს ოჯახებს!“, - აღნიშნავს პრემიერი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო