სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობასა და ნათლისღებას ზეიმობს

სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სომეხ მოქალაქეებს ქრისტეშობასა და ნათლისღებას, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

„შობა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელმაც სამყარო შეცვალა. უფლის ნათლისღება კი, ახალი აღთქმის თანახმად, იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს მონათვლას უკავშირდება.

ყოველ წელს, 5 იანვრის საღამოს, სომხური ეკლესია საშობაო ჭრაგალუიცისა და საღმრთო ლიტურგიას აღავლენს. ლიტურგიის შემდეგ, ბეთლემის ვარსკვლავისა და იესო ქრისტეს შობის გამოხატვის სიმბოლოდ, მრევლს ეკლესიებიდან ანთებული სანთლები მიაქვს. 6 იანვარს კი, სომხური სამოციქულო ეკლესია მაცხოვრის შობას დღესასწაულობს.

სადღესასწაულო მსახურებას, რომელიც თბილისის სუბ გევორქის საკათედრო ტაძარში შედგა, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი უძღვებოდა. ტრადიციისამებრ, შესრულდა წყალკურთხევა, რა დროსაც წყალში ურევენ წმინდა მირონს. მსახურების შემდეგ კი მორწმუნეებს ნაკურთხი წყალი მიაქვთ.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიისა და მისი მრევლისთვის დღესასწაულების მისალოცად სუბ გევორქის საკათედრო ტაძარს ეწვივნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და სამსახურის ანალიტიკოსი გიორგი პატაშური.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს სომეხ მოქალაქეებს შობა და ნათლისღება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს სომეხ მოქალაქეებს ქრისტეშობასა და ნათლისღებას, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს