კახა კინწურაშვილი - „ქართული ოცნება“ სამაგალითოდ სჯის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს

„ქართული ოცნება“ სამაგალითოდ სჯის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს,- ამის შესახებ მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად იმყოფებიან.

როგორც კახა კინწურაშვილმა აღნიშნა, სასამართლოში გადაწყვეტილებები მიიღება არა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არამედ პოლიტიკურად.

„ქართული ოცნება“ სამაგალითოდ სჯის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს. დღეს ქვეყანაში უამრავი რეჟიმის ტყვე გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეებზე ძალადობა ვიხილეთ, არცერთი სამართალდამცველი არ არის დასჯილი. აქ გადაწყვეტილებები მიიღება არა ამ შენობაში და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არამედ პოლიტიკურად. ეს არის მტკივნეული“, - აღნიშნა კინწურაშვილმა.

ცნობისთვის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე კი, ცალკე წარმოებად.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს