„საქართველოს განვითარების ფონდმა“ 2023 წელი 26.8 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა

„საქართველოს განვითარების ფონდის“ შესახებ კანონის შესაბამისად, ფონდმა 2023 წლის ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ანგარიშგებები გამოაქვეყნა. ინფორმაციას „საქართველოს განვითარების ფონდი“ ავრცელებს.

ფონდის ცნობით, ფონდის ფინანსური აუდიტი საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრმა KPMG-მ ჩაატარა.

„ინდივიდუალური აუდიტორული ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ფონდის შემოსავალმა 33.5 მლნ ლარს გადააჭარბა, ხოლო წმინდა მოგებამ 26.8 მლნ ლარი შეადგინა. დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა საოპერაციო მოგების თვალსაზრისითაც, კერძოდ, „საქართველოს განვითარების ფონდის“ საოპერაციო მოგებამ 21.6 მლნ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება კონსოლიდირებული ანგარიშგების მაჩვენებლებს, 2023 წელს „საქართველოს განვითარების ფონდის“ შემოსავლებმა 62.6 მლნ ლარი შეადგინა, წმინდა მოგების მაჩვენებელმა კი – 15.2 მლნ ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დეკემბერში „საქართველოს განვითარების ფონდმა“ (ყოფილმა „საპარტნიორო ფონდმა“) „საქართველოს რკინიგზისა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ აქციების 100% სახელმწიფოს გადასცა, შესაბამისად, რეფორმირებული „საქართველოს განვითარების ფონდისთვის“ 2023 წელი პირველი საანგარიშგებო წელი იყო.

მოგეხსენებათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად, რეფორმირების პროცესის დასრულებამდე, ფონდი არ ახორციელებდა ახალ პროექტებს. შესაბამისად, რეფორმირების დასრულების შემდეგ, ფონდს მიეცა ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა. მათ შორისაა, ამიერკავკასიაში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის უმსხვილესი სტრატეგიული პროექტი ყულევში, რომლის პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 110 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ფონდის თანამონაწილეობა 5 მლნ აშშ დოლარია, დასაქმებულთა რაოდენობა კი, 300-მდე იქნება. აგრეთვე, „საქართველოს განვითარების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, დაგეგმილია საქართველოში პირველი ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა, რომლის საინვესტიციო მოცულობა 9 მლნ ევროა, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 1.8 მლნ ევრო იქნება.

ფონდის მიზანია კომერციულად მომგებიანი პროექტების განხორციელება და სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებში ადგილობრივი და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის ასათვისებლად, რითაც ფონდი ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებასა და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დარგების განვითარებას.

„საქართველოს განვითარების ფონდი“ განაგრძობს საინვესტიციო პროექტების განხილვასა და დამუშავებას. შეგახსენებთ, რომ რეფორმირების შემდეგ, ახალი წესდების თანახმად, ფონდის მიერ პროექტების დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა; ესენია: მაღალტექნოლოგიური და ეკომეგობრული წარმოება; ინოვაციური წარმოება და დამწყები საწარმოები (სტარტაპები), ასევე ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება“,-აღნიშნულია „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა