ცხინვალში, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული - რუსმა სამხედროებმა იმ დროს დაგვიჭირეს, როცა საოკუპაციო ხაზთან ახლობლისთვის სამედიცინო კონსულტაციის გასაწევად მივედი - ძალადობას ადგილი არ ჰქონია

ჩვენს განთავისუფლებას, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი შეიტანეს სახელმწიფო სტრუქტურებმა, უსაფრთხოების სამსახურმა, - ამის შესახებ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებულმა ალექსი მამულიამ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

როგორც ალექსი მამულიამ აღნიშნა, ცხინვალის ციხეში ზეწოლას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ზოგადად მოპყრობა იყო კარგი.

„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, ექიმი ვარ, ახლობელთან შესახვედრად ვიყავი, ვისთვისაც უნდა ჩამეტარებინა კონსულტაცია. ცხინვალში მცხოვრებია ეს ადამიანი, ქართველია წარმოშობით. ის უნდა მოსულიყო ახლოს საოკუპაციო ზოლთან. რა თქმა უნდა, საზღვარი, ადგილმდებარეობა არ ვიცოდი, გავიყოლე ჩემი ნათესავი ივანე ჯაფიაშვილი, რომელმაც მიმასწავლა საზღვარი და ის ადგილი, სადაც უნდა შევხაროდი. ჩვენი ფიქრით, არ გადაგვიკვეთია საოკუპაციო საზღვარი, მაგრამ რუსებმა ჩათვალეს, რომ ჩვენ გადაკვეთილი გვქონდა. სრულიად მოულოდნელად მოგვადგნენ იარაღებით და ნიღბებით და განგვიცხადეს, რომ ჩვენ დავარღვიეთ საზღვარი. წაგვიყვანეს ცხინვალის სამხედრო ბაზაზე, სადაც დაკითხვა ჩატარდა და შემდეგ გადაგვიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც გვამყოფეს შვიდი დღე. მეშვიდე დღეს სასამართლო ჩაგვიტარდა.

მოპყრობა იყო კარგი, პირობები იყოს კარგი, ციხის პირობებში შეზღუდული აბსოლუტურად არაფერში არ ვიყავით. ზეწოლას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია, კვება ნორმალური იყო“, - განაცხადა ალექსი მამულიამ.

ინფორმაციისათვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

სუს-ის ინფორმაციით, ალექსი მამულიას და ივანე ჯაფიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს