ირაკლი კობახიძე - სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების ოთხი ჩავარდნილი მცდელობა და ოთხივე შემთხვევაში უცხოური დაფინანსება იკვეთებოდა, მათ შორის ამერიკული დაფინანსება

სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების ოთხი ჩავარდნილი მცდელობა და ოთხივე შემთხვევაში უცხოური დაფინანსება იკვეთებოდა, მათ შორის ამერიკული დაფინანსება. რა თქმა უნდა, ამის გადახედვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, თუ ამერიკული ფული გამოიყენება ქვეყანაში არასწორი პროცესების წარსამართად, ამ შემთხვევაში ქვეყანამ უნდა დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები, „ისევე, როგორც რუსეთიდან იგივე რამ რომ ხდებოდეს“.

„მას შემდეგ რაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დავაინიცირეთ, ვლაპარაკობდით იმაზე, რომ არა მარტო არამიზნობრივად იხარჯებოდა გარკვეული თანხები, რომელიც შემოედინებოდა ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის გარედან, არამედ საუბარი იყო პირდაპირ, ხშირ შემთხვევაში რევოლუციური პროცესების დაფინანსებაზე, რაც ხელის გულზე დევს. რეალურად, თქვენ ნახეთ, რომ სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების ოთხი ჩავარდნილი მცდელობა და ოთხივე შემთხვევაში უცხოური დაფინანსება იკვეთებოდა, მათ შორის ამერიკული დაფინანსება. რა თქმა უნდა, ამის გადახედვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი.

თქვენ ასევე გახსოვთ დისკუსია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო, მაშინ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ერთმანეთისგან არ ვარჩევდით, მაგალითად: რუსეთს და დასავლეთს. ჩვენ ვამბობდით მარტივ რამეს, მნიშვნელობა არ აქვს - ვინ უპირისპირდება და საიდან უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს. თუ ამერიკული ფული გამოიყენება ქვეყანაში არასწორი პროცესების წარსამართად, რა თქმა უნდა, აქაც უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი ეროვნული ინტერესები, ისევე, როგორც რუსეთიდან იგივე რამ რომ ხდებოდეს. არავითარი განსხვავება არ არის, ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი და სუვერენიტეტი უნდა იყოს ყველასთან მიმართებით დაცული. ეს ძალიან კარგად წარმოაჩინა პრეზიდენტ ტრამპის შესაბამისმა გადაწყვეტილებამ, პირდაპირ გამოჩნდა, რომ ამერიკული თანხები ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არასწორი პროცესების დასაფინანსებლად, კონკრეტული ქვეყნების სუვერენიტეტის შესარყევად, რასაც ჩვენ ვამბობდით და რაზეც გვაკრიტიკებდნენ, რომ ჩვენ ერთ სიბრტყეზე ვაყენებდით, მაგალითად: რუსეთს და ამერიკას და ა.შ. ჩვენი მსჯელობის სისწორე დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის და პირადად პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ „სლოვაკეთში არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოში განვითარებულ მოვლენებში და ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის “მაიდანში”. კობახიძე ამბობს, რომ „ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური“.

„ამასთან დაკავშირებით მე დეტალები არ ვიცი. ასეთი ტიპის პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში ერთი ხელიდან არის კოორდინირებული. მე ხშირად ვციტირებდი ხოლმე რობერტ ფიცოს კონკრეტულ ვიდეო მიმართვას, სადაც ის აღწერს სლოვაკეთში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ლიბერალური ფაშიზმის განვრცობას სლოვაკეთის ტერიტორიაზე, რასაც ის აღწერს ვიდეო მიმართვაში. არის აბსოლუტურად იდენტური, რაც ხდება საქართველოში. შესაბამისად, ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არა თუ ვერ გამოირიცხება, არამედ არის აბსოლუტურად ლოგიკური. შესაბამისად, მე ეჭვს ვერ შევიტანდი, რა თქმა უნდა, სლოვაკეთის პრემიერის ამ განცხადებაში“, - აღნიშნა კობახიძემ.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები