პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძე - მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს, დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს - ბატონო პროკურორო, როგორ მოიქცეოდით, თავს რომ დაგსხმოდნენ, ქალისთვის დაერტყათ - გაატარებდით?

მე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს. მე დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა საბა სხვიტარიძემ განაცხადა.

მან დეტალურად ისაუბრა მისი საქმის გარშემო.

„ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს, პოლიტიკური პატიმარი ვარ და ეს პროცესიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. პატარა იმედი მაქვს, რომ სასამართლო პატარა ლოიალობას გამოიჩენს. დამაკავეს იმის გამო, რომ მე და ჩემთან ერთად მყოფებს თავს დაგვესხა ე.წ. ტიტუშკა, რომელსაც არანაირი ამომცნობი საშუალება არ ეკეთა, „კაპიუშონი“ ეცვა, პირბადე ეკეთა, მან იძალადა ქალზე, გვაგინებდა, მე ის მოვიგერიე. ამის შემდეგ გამიტაცეს, იძალადეს ჩემზე და განყოფილებაში ორჯერ მაწამეს, ამის შემდეგ მკაცრი რეჟიმის იზოლატორში გამამწესეს. პოლიციელზე ძალადობა დამაბრალეს, რაც აბსურდია. თუ ვინმეა დამნაშავე, ის „ტიტუშკა“ მირიან ქავთარაძეა, ამ საქმეში დაზარალებულადაც მცნეს და არც ერთი პოლიციელი არაა დაკავებული.

ბატონო პროკურორო, თქვენ როგორ მოიქცეოდით, თავს რომ დაგსხმოდნენ, თქვენთან მყოფი ქალისთვის სახეში დაერტყათ, თავს დახრიდით და არაფერს მოიმოქმედებდით, გაატარებდით ქალზე ძალადობას და გინებას? სამწუხაროდ, ესაა თქვენი სამართალი.

მე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს. მე დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს.

სასამართლოს ყოველი უსამართლო გადაწყვეტილებით, საქართველოს დემოკრატიულ მომავალს უქმნით საფრთხეს, ირანსა და ჩინეთში მიგვაქანებთ.

ეს არის დიქტატურა, ეს არის უსამართლობა. ახალგაზრდების ცხოვრების დანგრევისთვის და უკანონობის დაკანონებისთვის, არ ვიცი, რას გიხდიან, ან რით გაშინებენ, მაგრამ მოვა დრო და ხალხი გამოგიტანთ განაჩენს თითოეული თქვენი ქმედების გამო. დღეს მე შეიძლება დამაკავეს, მაგრამ ყველას ვერ დაგვიჭერთ, ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და პოლიციური რუსული რეჟიმის წინაშე არ დაიჩოქებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს“, - განაცხადა სხვიტარიძემ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო. სხდომას ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი და ევროკავშირის დელეგაცია ესწრებოდა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში